
სტატიის ავტორები: ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ქარუხნიშვილი
მრავალ ავტოკრატიულ რეჟიმში სამართალი ხშირად უნიკალურ ხასითს იღებს, რაც ემსახურება მმართველი ელიტის უფრო გაძლიერებას და უბრალო ხალხის მეტად დაქვემდებარებას. ძირითადად, ეს კანონები ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესების გარეშე მიიღება, თუმცა, ხშირად მიუხედავად ამისა, ამას წინ ვერაფერი აღუდგება, გარდა ავტოკრატის ნებისა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, უნდა დაემორჩილოს თუ არა უბრალო მოქალაქე ერთი კაცის სურვილით დადგენილ სამართალს? თუ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას?
ავტოკრატიული სამართლის მექანიზმები
ავტოკრატიული სამართლის მექანიზმი არის ისეთი ინსტრუმენტებისა და პროცესების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ავტორიტარული ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ კონტროლს. ეს მექნიზმები მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართვას და ძალაუფლების განახლებას. მისი მეშვეობით ხელისუფლება უზრუნველყოფს საზოგადოების დამორჩილებას, რითაც აიძულებს მათ მისდიონ დადგენილ ნორმებსა და წესებს.
ასეთ მექანიზმებში შედის:
კონტროლი მედიაზე – როდესაც, სახელმწიფო იყენებს მედიას, რათა გაავრცელოს პროპაგანდა და გააკონტროლოს ინფორმაციის ნაკადი, რაც ხელს უშლის ალტერნატიული შეხედულებების გავრცელებას. ჩვენ, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ისტორიაში. მაგალითად, გებელსის პროპაგანდა ნაცისტურ გერმანიაში. ჯოზეფ გებელსი, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი, ქმნიდა ძლიერი პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც იყენებდა მედიის, სიმბოლოების და ემოციური მანიპულაციის ტაქტიკას. მისი მთავარი მიზანი იყო ჰიტლერის იდეების გავრცელება და ნაცისტური ხელისუფლების გაძლიერება. გებელსი წარმოადგენდა პროპაგანდას – როგორც საინფორმაციო ომს, რომლის მიხედვითაც უბრალო, განმეორებადი და ემოციურად დატვირთული მესიჯები ქმნიდა საზოგადოების ერთიანობას. მისი მეთოდები ახორციელებდნენ კინოსა და მედიის კონტროლს, ჰიტლერის კულტის დამკვიდრებას და “ყოველდღიური ტყუილების” გავრცელებას, რაც ხელს უწყობდა ნაცისტური რეჟიმის ძალაუფლების განმტკიცებას.
პოლიტიკური რეპრესიები – ავტოკრატიულ რეჟიმებში, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ოპოზიციონერები, აქტივისტები და ნებისმიერი პირი, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხშირად ხდება დევნის და ზეწოლის მსხვერპლი. რუსეთში, ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების გავლენის პირობებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შესაძლოა უმიზეზოდ დააკაონ, ამის მკაფიო მაგალითია: ბორის ნემცოვი, ალექსეი ნავალნი, ასვე, აქტივისტები და კრიტიკოსები იდევნებიან, ხოლო მათი საქმიანობა შესაძლოა აიკრძალოს კიდეც. მსგავსი მიდგომებია ჩინეთშიც, სადაც ხელისუფლება აქტიურად მიმართავს: რეპრესიებს ჰონგკონგის დემონსტრანტების წინააღმდეგ, აკონტროლებს ინტერნეტ კავშირს, რათა შეაკავოს დამოუკიდებელი აზრის გავრცელება, ახორციელებს აქტივისტების, მედიასაშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნას.
დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია – ავტოკრატიული რეჟიმები, ხშირად მიზნად ისახავენ საარჩევნო პროცესების, სასამართლო სისტემის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას, რათა დაამყარონ აბსოლუტური მმართველობა და კონტროლი. რუსეთში საარჩევნო პროცესები მუდმივად კონტროლირებადია და დომინირებულია ხელისუფლების სასარგებლოდ, რაც ქმნის ილუზიას “დემოკრატიული” არჩევნების შესახებ. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ჩინეთშიც, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ახორციელებს მკაცრ კონტროლს არჩევნებზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სასამართლო სისტემა მთლიანად დამორჩილებულია პარტიის ინტერესებს. ორივე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები მოქმედებენ მხოლოდ ფორმალურად, რათა მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეზღუდულია.
ეროვნული იდეის წაშლა, დაქვემდებარებულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში – იმპერიული ხელისუფლება ცდილობს ხალხში პატრიოტიზმის მოშლას ამა თუ იმ ხერხებით, რათა აღკვეთოს მომავალში სავარაუდო ამბოხება. ამის მაგალითია, მიხეილ ვორონცოვის „მათრახისა და თაფლაკვერას პოლიტიკა“, რომლის მიზანი იყო ქართული საზოგადოების ნებისა და ეროვნული იდენტობის მოშლა. „მათრახი“ გულისხმობდა რეპრესიულ ზომებს, რომლებსაც გამოიყენებდა ქართველთა ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად, ხოლო „თაფლაკვერა“ გულისხმობდა ქართული ელიტის „გარუსებას“, ეროვნული ერთობისა და პატრიოტიზმის გაქრობას. მსგავსი პრინციპები დღესაც გამოიყენება, მაგალითად, რუსეთისა და ჩინეთის რეჟიმებში.
კორუფცია და ეკონომიკური კონტროლი – ავტოკრატიული რეჟიმები, ძალაუფლების გასამყარებლად, აწესებენ არაკანონიერ კონტროლს ეკონომიკურ რესურსებზე და აძლიერებენ კორუფციას.
ამ მექანიზმების გამოყენება ხშირად იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევებს და სოციალურ უკმაყოფილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ავტოკრატიული რეჟიმის სისუსტესა და მასობრივი პროტესტების გაჩენას უწყობს ხელს.
სამოქალაქო წინააღმდეგობის ეთიკური დილემა
კითხვა, უნდა დაემორჩილონ რიგითი მოქალაქეები დიქტატორულ კანონებს, კომპლექსური და მრავალმხრივი საკითხია.
ავტოკრატიული სამართლის პირობებში მოქალაქეების დიქტატორული კანონების მორჩილება რთულ ეთიკურ დილემას წარმოადგენს. ერთ მხრივ, კანონის დაცვა და წესრიგის შენარჩუნება აუცილებელია, თუმცა, როდესაც ეს კანონები უსამართლოა და უფლებების დარღვევას ისახავს მიზნად, მოქალაქეებმა, მართლაც, უნდა შეაფასონ მათი რეალური შედეგები. წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლოა, მძლავრი პოლიტიკური რეპრესიების საფუძველი გახდეს, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ მორალური პრინციპების დაცვისთვის მებრძოლები ხშირად ახერხებენ წარმატების მიღწევას. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა, საზოგადოებრივი პროტესტი და იურიდიული ზომები, როგორიცაა, მოქალაქეების უფლებების დაცვა, შესაძლოა, გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორები ავტოკრატიული სამართლის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა უკეთესი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის იმედს იძლევა.