სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი
სტატიის ავტორი: საბა თედორაძე
გაცოცხლებული რომანტიკოსი: ბარათაშვილი სიყვარულის ქარ-ცეცხლში
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი
უპორტრეტო პოეტი, უსიყვარულო რომანტიკოსი. ასე გვიხატავენ ნიკოლოზ ბარათაშვილს, მეცხრამეტე საუკუნის გენიალურ პოეტს, რომლის იდეებიც, ლექსებით გადმოცემული, დღესაც აქტუალური და მისაღებია. არა მარტო მისაღები; არამედ ერთობ მოწონებულიც კი.
ბარათაშვილის ბურუსიანი ისტორია პოეტის გარდაცვალების შემდეგ იწყება. ილია ჭავჭავაძე აღმოაჩენს გენიალურ ავტორს შეუდარებელი ნამუშევრებით და ქვეყნიერებას გააცნობს მას, რის შედეგადაც დაიწყება ძიება ცხოვრების დაკარგული ამბებისა. ამ დროიდან გროვდება და იწერება ის ცნობები, რომლებიც ახლა ბარათაშვილის ბიოგრაფიულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. პოეტის წერილების სიმცირის მიუხედავად, გადმოცემა მრავალია: ნათესავებისგან თუ ახლობლებისგან მოყოლილი ისტორიები, ყურით მოკრული ამბები და დახასიათებები. მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ მწერლის ხანმოკლე ცხოვრების ბევრი დეტალი პოეტსა და მის ნაცნობებს საფლავში წაუღიათ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბარათაშვილის სახელი მრავალ პიროვნებას უკავშირდება. ცნობების მრავალფეროვნებას ზუსტად ის უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი მოიძებნებოდა, რომელთაც ნიკოლოზი უყვარდათ და მოფერებით ტატოსაც ეძახდნენ. არ არსებობს მასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ღიმილს ოდნავ მაინც არ მოგვგვრის თითქოს, სულ ასეთი სევდანარევი ღიმილით იხსენებდნენ პოეტს. დიადი სულის ისტორიის ტრაგიკულობას მისი ნაცნობი თუ უცნობი ხვდებოდა. ბედით დაჩაგრული აღმოჩნდა პოეტი და მისი ლექსების ხასიათიც ამით აიხსნება, ზოგი მეტად რომანტიკული, ზოგიც სევდისმომგვრელად წინასწარმეტყველურია.
სანამ ბარათაშვილის რომანტიკულ ცხოვრებაზე დავიწყებდეთ საუბარს, ვალდებულნი ვართ ერთგვარი პორტრეტი შევქმნათ პოეტის ბუნებისა და თვისებების, დავახასიათოთ ის, როგორც პიროვნება და გავიგოთ, თუ რა გამოარჩევს მას სხვებისგან. ეს უკანასკნელი ძნელი სულ არ არის, რადგან პოეტის ბიოგრაფია რომ დავივიწყოთ, მისი პოეზია ნათლად და ადვილად მიჯნავს მას ყველა სხვა რომანტიკოსისა თუ უბრალო პოეტისაგან. შეუიარაღებელი თვალით და ლიტერატურული განათლების გარეშეც ადვილი ამოსაცნობია ის სიმაღლე, რომელსაც ტატოს პოეზია აღწევს და ერთობ ჩრდილავს ყველა სხვა იმ დროინდელ ქართულ რომანტიკულ ნაშრომს. სულისჩამწვდომი ლექსები მეტად გულწრფელია, რაც მკითხველს პოეტის მიმართ ნდობით განაწყობს და უფრო ადვილია მისი თანაგრძნობა, იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა პოეტს ხმამაღლა, მაგრამ მხოლოდ კალმით გამოსდიოდა. ღირებულებების მწვერვალები და სულიერი ამაღლების გამოძახილები, ლამაზი ენით მორთული, აბრუებენ მკითხველს და ლექსით ტკბობისკენ უბიძგებენ. ბარათაშვილის პოეზია განსაკუთრებულად საყვარელი იმიტომაა ადამიანებისთვის, რომ ისინი თავიანთ თავს ლექსებში ხედავენ. ლექსებში, რომლებშიც ჟღერდება სულის საიდუმლოებანი და ცხოვრებისგან მოგვრილი გრძნობებისა და ემოციების ტკბილ-მწარე ბუნება.

პოეტს ყველა ადამიანი თავისი გადმოსახედიდან ახასიათებს. მისი ხასიათი რომ შევიცნოთ, ცხადია, ლექსებს უნდა ჩავუკვირდეთ და მეტიც, მასზე რუდუნებით მოპოვებული ბიოგრაფიული ცნობები უნდა შევისწავლოთ. გიორგი ტატიშვილის თქმით ტატო დიმიტრი ყიფიანის ოჯახის ხშირი სტუმარი და უპირველესი საყვარელი მეგობარი ყოფილა. თურმე, ხშირად ახსენებდნენ მის სახელს, აღნიშნავდნენ მის პოეტურ ნიჭსაც და სამშობლოს სიყვარულს. არაერთხელ უხსენებიათ მისი განსაკუთრებული თვისებები, უმწიკვლო პატიოსნება და თავმოყვარეობა. ის დღეები, რომელსაც ოჯახი ნიკოლოზის გარეშე ატარებდა, მოწყენილობით სავსე ყოფილა. თვითონ დიმიტრი ყიფიანი კი ასე იხსენებდა პოეტს: „მეგობრები იცნობდნენ მას, როგორც საუცხოო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ართობდა და იპყრობდა ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებზე.“ მისი ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამხანაგთა წრეში და თურმე ხშირად იკითხებოდა ისინი თავყრილობის დროს.
იონა მეუნარგია ლუკა ისარლიშვილისგან გაგებულ ამბებს ინიშნავს და მომავალი თაობებისთვის ინახავს. მისი ცნობის თანახმად, ბიძამისის, გრიგოლ ორბელიანის, მსგავსად, ბარათაშვილიც დიდი მოყვარული ყოფილა ქალთა საზოგადოების, ჰყვარებია მათთან ხუმრობა, მუსაიფი და ცელქობა. „არშიყობასა და ქალებთან დროს გატარებას არ იშლიდა.“-წერს იონა. მწერალი, თურმე შუამავლის როლსაც ირგებდა და ხშირად ჰქონია მცდელობა, გოგო-ბიჭი დაეახლოვებინა ერთმანეთთან, რადგან პირველმა იცოდა, ვინ ვის ეარშიყებოდა და ვის ვინ ჩავარდნოდა გულში. ეს სიყვარულით გატაცებული კაცი, უბედო აღმოჩნდა საკუთარ ურთიერთობებში. ეულად დარჩენილი უცხო ქვეყანაში მიიცვალა მარტო.
ბევრი ჭორი დადიოდა და დღესაც კვლევის პროცესშია, თუ ვინ იყო ბარათაშვილის ნატიფი გრძნობების საგანი. ლექსებიც ცოტაა შემორჩენილი, რადგან ბარათაშვილს ჰყვარებია მათი დაწვა და თავიდან მოშორება სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგრამ მასზე ისტორიები გვამცნობს იმ რამდენიმე ქალის ვინაობას, რომელთაც ბარათაშვილი შორიდან უმზერდა და ეტრფოდა კიდეც.
ბარათაშვილის პირველი სიყვარულის ვინაობას გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი ლევან მელიქიშვილის წერილი გვატყობინებს, ნახსენებია ვინმე ნინო. „არ ვიცი, იცი თუ არა, პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო; არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო.“ სავარაუდოა, რომ ეს ქალიშვილი ნინო ორბელიანი ყოფილიყო, რასაც თვითონ ბარათაშვილის ლექსი და წერილი გვაფიქრებინებს.
“და — მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.
არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?
სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!”
ბარათაშვილი მისულა ქალთან, შეუბედავს – რა კარგია რომ გნახეთო.
“ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!”
ქალს საპასუხოდ მადლობა გადაუხდია, იმ დროს, როდესაც მოდაა ძველების დავიწყება, რომ გახსოვართო. ბარათაშვილის პასუხი გვაფიქრებინებს იმ ფარულ გრძნობებზე, რომელსაც სიყვარულს უწოდებენ:
“დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები ვერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”
აქ იშლება ის ოდნავი ეროტიკის ელემენტის შემცველი სცენა: ქარი ამოქროლდება, ქალს კაბას აუფრიალებს და ფეხები გამოუჩნდება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ ლექსში ნინოზე უნდა იყოს საუბარი; აშკარაა ქალის მიმართ პოეტის ფაქიზი გრძნობები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მეორე სიყვარული ვინმე ფრანგი ქალი დელფინა ლაბიელი ყოფილა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და ფაქტობრივად იქაური იყო, ქართულიც იცოდა. თურმე ეს ურთიერთობა პოეტის ცხოვრებაში ულაღესი ყოფილა, თუმცა მხოლოდ ორ წელს გასტანა. ლუკა ისარლოვი ტატოზე წერს: „უყვარდა ფრანცუზის, ბამბაჩნიკის ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ეს ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დასწერა: „რად მრისხანებ“… თუ ამგვარი ლექსი“. საბედნიეროდ, ამ ლექსის ხელნაწერი შემოგვრჩა და დღეს მას ვიცნობთ, როგორც „ჩემს ვარსკვლავს“:
რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!
ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.
რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა!
მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.

მას დელფინასთვის კიდევ სხვა ლექსებიც მიუძღვნია:“არ უკიჟინო, სატრფოო…“ და „ასტრა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ის, ვინც ბარათაშვილს კარგად უგებდა, ეკატერინე ჭავჭავაძე ყოფილა, რომელიც პოეტის ყველაზე დასამახსოვრებელ სიყვარულადაა მიჩნეული. ამ ორის კავშირი თავისებურია, ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ, რომ მათ შორის იყო რაღაც; რაღაც – მეგობრობაზე მეტი. მაგრამ ჭეშმარიტება ერთია, რომ ისინი ახლო მეგობრები მართლაც ყოფილან და ზუსტად ამ ურთიერთობის დამსახურებაა, რომ ქართველი ხალხი დღეს ნიკოლოზს იცნობს. რომ არა ეკატერინე, ვერც ილია ჭავჭავაძე წაიკითხავდა გენიოსის ლექსებს; რომ არა, ეკატერინესთან დატოვებული ხელნაწერები, ვერც ჩვენ შევძლებდით თავი მოგვეწონებინა ბარათაშვილით.
ეკატერინესა და ნიკოლოზის ურთიერთობის თავისებურებას განაპირობებს ის, რომ ჭავჭავაძეების ქალიშვილი ცოლად „გაუტანებიათ“ დავით დადიანისთვის, რომელსაც მისთვის დედოფლობა შეუთავაზებია. თუ ეკატერინე პოეტის გრძნობებს პასუხობდა, ამაში ხელი ზუსტად ამ ქორწინებას შეუშლია, მეტს თუ არაფერს. მაგრამ ძნელი სათქმელია, მხოლოდ მეგობრულად უყურებდა ქალი ტატოს, თუ – არა. ცნობილია, რომ ქორწილის დღეს ჭავჭავაძეს გული შეუწუხდა, რაც კარგი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა ორი ადამიანის ერთობისა. დავითსა და ეკატერინეს ორი შვილი დაეღუპათ, რამაც ცოლ-ქმრის ურთიერთობას საბოლოო დაღი დაასვა. ამის გამო ეკატერინე თბილისში დაბრუნდა და ამ დროს ნიკოლოზის განცდებმა ხელახლა იფეთქა.
შემორჩენილია „გენეზისი ერთი მისი ლექსისა“. ბარათაშვილი, საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე მიწვეული, ყაფლან ორბელიანთან გავარდნილა, სადაც ლევან მელიქიშვილი დაუხვდა. „-ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი არა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს…“ – მას ბანკეტზე ეკატერინე ჭავჭავაძე უნახავს, რომლის საყურის სანთლების შუქზე ცისკროვნებამ ნიკოლოზი გააგიჟა და „იმ საღამოს სახსოვრად დასწერა ლექსი „საყურე“.
„ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?“

ვნებით სავსე ეს ლექსი, ბარათაშვილის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ავტორი თამამია და ეროტიკული ელემენტების შერევას არ ერიდება. ესაა ეკატერინეს ზეგავლენა, რომელიც ბარათაშვილის პოეზიაში ხშირია; ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პოეტის გრძნობების სიღრმესა და სერიოზულობაზე. ნათქვამია, რომ თუ ტატოს ლექსებში თეთრი ან ცისფერი გაიელვებს, ეს ეკატერინეა. ჭავჭავაძის თბილისში ყოფნისას, თურმე, დიდ დროს ატარებდა მასთან ერთად პოეტი, მაგრამ საბოლოოდ სამეგრელოს დედოფალი მაინც დაუბრუნდა დასავლეთ საქართველოს, თავის ქმარს და დარჩენილი წლები უსიყვარულო ქორწინებაში გაატარა.
საყვარელ ქალთან განშორება ადვილი სულ არ ყოფილა, ამას დაემატა ცხოვრების სხვა სიძნელეები და ბარათაშვილი სამშობლოს დაემშვიდობა. 1844 წელს დაინიშნა ნახჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ. ზუსტად აქ ეწვია ნიკოლოზს ცხოვრების ბოლო სიყვარული, რომლის ნამდვილობა დღესაც განხილვის საგნად რჩება. ნიკოლოზის ახლობელი ადამიანებისთვის, და ჩვენთვისაც, ცოტა გაუგებარია, თუ რა სახის ურთიერთობა აკავშირებდათ ამ ორს და იყო თუ არა პოეტი გონჩა ბეიმზე შეყვარებული.
თურმე ამ ქალის სახელს ბარათაშვილი მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილებში ხშირად ახსენებდა და ამიტომ დასაშვებია ვიფიქროთ, რომ პოეტს ის ჰყვარებოდა. მათ ერთმანეთი ნახჭევანის ხანის სასახლეში უნდა გაეცნოთ, სადაც მეჯლისები იმართებოდა, ამ მეჯლისებს ლიტერატურული სალონის ხასიათი ჰქონდა. თურმე პოეტის რჩეული, თვითონაც ლექსების მწერალი ყოფილა. ბარათაშვილსაც ჰქონია განზრახული მისი ლექსების თარგმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უთარგმნია, ყოველ შემთხვევაში მაიკო ორბელიანისთვის ისინი არ გაუგზავნია.
გონჩა ბეიმი ადრიანად გათხოვილა, მაგრამ მალევე ცდილა ქმართან გაშორებას, რაც იმ დროს ადვილი საქმე არ იყო. წყვილის გაყრის საკითხი მაზრის უფროსს უნდა გადაეწყვიტა, რა თანამდებობაც, არაერთხელ ნახსენებ ლევან მელიქიშვილს ეკავა. „ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე, როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები.“-ლევან მელიქიშვილის ეს შენიშვნა გონჩა ბეიმს ეხება. სწორედ ამ მინაწერიდან გამომდინარე, მაიკო ორბელიანმა ბარათაშვილის ამ ქალითან ურთიერთობა სერიოზულ გრძნობად მიიღო. მაგრამ ორბელიანის ასულმა ამ ეჭვების დასტური ვერ მიიღო. შემდეგ წერილში, ბარათაშვილმა უარყო განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ქალისადმი და განაცხადა, რომ გონჩა ქმარს შეარიგა.
საყურადღებოა, რომ ბარათაშვილმა ნახჭევანში ყოფნისას ორი სატრფიალო ხასიათის ლექსი დაწერა, რომელმაც განსხვავდება ცისფერთვალება ასულისადმი, ეკატერინესადმი, მიძღვნილი ლექსებისგან. ვარაუდობენ, რომ პოეტის ეს ორი ნაშრომი გონჩა ბეიმისათვის უნდა იყოს დაწერილი.
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;
დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!
ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,
მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?
ასეთი უიღბლო აღმოჩნდა ბარათაშვილი სიყვარულში, ვერც უცხო მიწაზე ჰპოვა სულის სიმშვიდე. საპირწონედ, განგებამ მას გენიოსის ბედი და სახელი არგუნა. სულით ობოლი ბარათაშვილის ისტორიას ავსებს მისი სასიყვარული განცდები, და საინტერესოდ დაგვანახებს სევდიანი პოეტის სახეს. თითქოს ამ ამბების მოსმენით შეგვიძლია უფრო დავუახლოვდეთ პოეტს და გავიცნოთ ის, როგორც ტატო. ხანმოკლე ცხოვრების დამსახურებით ნაშრომების რაოდენობა მწირია, რაც უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. თუმცა მისმა შემოქმედებამ და მან თავად შეძლო ჩვენ შორის მარადიულად დამკვიდრება და ის დღეს, უდიდეს ქართველად წარმოგვიდგება.
„დღე იყო ღრუბლიანი, დილით ცოტად წინწკლავდა. ქალაქიდან ხალხი მიეშურებოდა რკინისგზის სადგურზედ. დიდი, პატარა, ქალი, ჩვილი, ყველანი იქ მიისწრაფოდენ, გულის ძგერით მოელოდენ, თვალი მოეკრათ დიდებულის ქართველის ნაშთისთვის. გაისმა რკინისგზის სადგურზედ მწყობრი, გულის სიღრმემდის მისაწვდენი ტკბილი ხმა ქალების გალობისა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით”… მას უშლიდენ წინ მუხისა, დაფნისა და პურის თაველებისაგან შეკრულს გვირგვინებს. ერი ჰგალობდა „წმინდაო ღმერთოს” და ამ დიდებით გაჰყვა იგი დიდუბის ტაძრამდის”.
(ჟურნალი „კვალი“, 1893 წ.)
გამოყენებული ლიტერატურა:
„ნიკოლოზ ბარათაშვილი“ 100 ამბავი- შემდგენელი:მაია ცერცვაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020წ.„შეყვარებული ბარათაშვილი“-ლევან ბერძენიშვილი, „რადიო თავისუფლება“, 19 ნოემბერი 2018 წ. „გონჩა ბეიმის პორტრეტი: როგორი იყო ბარათაშვილის შეყვარებული“-თეა თოფურია, რადიო თავისუფლება, სექტემბერი 08, 2017 წ.„ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტორალური მემკვიდრეობა“-ახობაძე ანა, სამაგისტრო ნაშრომი, 2019 წ.
,,მეტამორფოზა” – მოგზაურობა კაფკას ნაწარმოების სიღრმეებში
სტატიის ავტორი: საბა თედორაძე
,,ყველაზე მოაზროვნე და ყველაზე დაკარგული არსება ადამიანია. ყველაფერი, რასაც ვწერ, ჩემი ისტორიაა, ჩემი ძიება, მუდმივი წინააღმდეგობა რეალობასთან და ამის დანახვის უნარი. ყველა ავტორს, ვისი აზრებიც გამოვიყენე, შემიძლია ჩემი მასწავლებლები ვუწოდო ამ გზაზე. ჩვენ მუდამ გვეშინია სიკვდილის, თუმცა ყველაზე რთული ყოფილა იცხოვრო, იცხოვრო სტერეოტიპების, იდენტობების, იზმებისა და ისტების გარეშე. გონება მუდამ ქაოსშია და ხშირად ამ ქაოსის გადალახვის მცდელობას უფრო დიდ ქაოსში შევყავართ. ჩვენ მგზავრები ვართ, უმისამართოდ მოხეტიალე, უცებ სადღაც ვჩერდებით და ვხვდებით, რომ რასაც ვეძებთ, სინამდვილეში იმას თან დავატარებთ, ამას ვეძახი გამოღვიძებას”


ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში, ცოტაა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა ფრანც კაფკას შედევრი, „მეტამორფოზა“. ეს არის ნაწარმოები, რომელიც იკვლევს ადამიანის ცნობიერების სიღრმეებს, ამ აბსურდულ რეალობაში ჩარჩენილი ინდივიდის ეგზისტენციალურ ტანჯვას. კაფკა აყალიბებს ნარატივს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ ინტერპრეტაციებს.
“მეტამორფოზა” იწყება შოკისმომგვრელი მოვლენით: გმირი, გრეგორ ზამზა, ერთ დილას იღვიძებს და აღმოჩნდება, რომ გარდაიქმნა უზარმაზარ მწერად. კაფკას მკითხველი კოშმარის მსგავს სამყაროში ჩაჰყავს, სადაც საზღვრები რეალობასა და ილუზიას შორის ბუნდოვანია. გრეგორის ტრანსფორმაცია ხდება ეგზისტენციალური კრიზისის ალეგორია, რაც ეხმიანება გაუცხოების გავრცელებულ გრძნობას, რომელსაც ბევრი განიცდის თანამედროვე საზოგადოებაში.
კაფკას შემოქმედება ოსტატურად ასახავს არსებობის პრობლემას. გრეგორის მეტამორფოზა შინაგანი კონფლიქტის გარეგანი გამოვლინებაა. კაფკა იკვლევს ადამიანთა საზოგადოებისგან განცალკევებულ არსებად ცხოვრების შედეგებს. ავტორი ქსოვს ბნელი იუმორისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის რთულ ქსელს, რის გამოც მკითხველს გაოგნებულს და შეშფოთებულს ტოვებს არსებობის სრული ამაოებით.
“მეტამორფოზას” ცენტრალური თემა ოჯახური ურთიერთობების რთული დინამიკაა. გრეგორის სახეცვლილება ანგრევს მის ურთიერთობებს ოჯახთან, ავლენს მათ ფარულ წყენას და ადამიანთა კავშირების სისუსტეს. კაფკას მიერ ზამზას ოჯახის პორტრეტის შესრულება იზოლაციასა და თანაგრძნობის რღვევაზე მიუთითებს.
გრეგორის ტრანსფორმაცია იწვევს როლების ცვლას ოჯახში. ოდესღაც მოსიყვარულე ოჯახის წევრები იძულებულნი არიან დაუპირისპირდნენ საკუთარ შიშებსა და სურვილებს, რადგან ისინი იბრძვიან რეალობასთან ადაპტაციისთვის. ნათლად დახატული პერსონაჟების მეშვეობით, როგორიცაა გრეგორის მშობლები და დები, კაფკა იკვლევს სიყვარულის, დანაშაულისა და მოვალეობის სირთულეს და ყურადღებას ამახვილებს ოჯახური კავშირების სუსტ ბუნებაზე.
კაფკას მიერ დათმობილი ყურადღება დეტალებისადმი მკითხველს ძირავს გრეგორის გონებაში, როდესაც ის მოძრაობს სამყაროში, რომელიც უარყოფს მის შეცვლილ მეს. გრეგორის შინაგანი მონოლოგების საშუალებით კაფკა აფიქრებს მკითხველს იდენტობის ბუნებაზე, მიზანსა და არსებობის მნიშვნელობაზე. გამოსახულება და შემზარავი სიმბოლიზმი “მეტამორფოზაში” სარკის როლს ასრულებს, რომელიც გვაიძულებს დავუპირისპირდეთ გარდასახვის შიშს.
ინდივიდუალური ტანჯვის კვლევის გარდა, “მეტამორფოზა” ემსახურება როგორც მკაცრ კრიტიკას საზოგადოების მიერ მარგინალიზებულთა და სხვათა მიმართ. კაფკა ავლენს სამყაროს სისასტიკესა და გულგრილობას, რომელიც ადამიანურ თანაგრძნობაზე მეტად აფასებს სარგებლობასა და შესაბამისობას. გრეგორის ტრანსფორმაცია აშორებს სოციალური მიმღებლობის ფენას, ავლენს ცრურწმენებს და დეჰუმანიზაციის ტენდენციებს, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში. ამ ნაწარმოებში საზოგადოების მოლოდინები მახრჩობელ ძალად იქცევა, რომელიც ანადგურებს ინდივიდუალიზმს და თანაგრძნობას. კაფკას გამჭოლი მზერა კი გვიბიძგებს დავუპირისპირდეთ კაცობრიობის ბნელ ასპექტებს.
“მეტამორფოზა” ფრანც კაფკას უბადლო უნარის დამადასტურებელია – აღბეჭდოს ადამიანური სასოწარკვეთილება, დახატოს გაუცხოების, იდენტობის კრიზისისა და ამაოების შემზარავი პორტრეტი. მწერალი ხშირად სცილდება ტრადიციული თხრობის საზღვრებს.”მეტამორფოზა” რჩება მარადიულ შედევრად, რომელიც კვალს ტოვებს ლიტერატურულ პეიზაჟზე და მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი არსებობის ყველაზე ბნელ კუთხეში არის საკუთარი თავის ღრმა აღმოჩენისა და ფერიცვალების პოტენციალი.
ფრანც კაფკა უნივერსალური ადამიანია, რომელიც სცილდება დროსა და ადგილს, რაც მას საყოველთაოდ ცნობილ მწერალად აქცევს, რომლის ნამუშევრები კვლავ იპყრობს მკითხველთა გულს. კაფკას უნარმა ჩაღრმავებოდა ადამიანის ფსიქიკას და შეხებოდა მის შიშებსა და შფოთვას, უზრუნველყო მისი მუდმივი პოპულარობა.

კაფკას დიდი გავლენა აქვს ლიტერატურაზე, მისმა ნამუშევრებმა შთააგონა უამრავი ავტორი, კინორეჟისორი და მხატვარი, რამაც გავლენა მოახდინა ისეთი ლიტერატურული მოძრაობების განვითარებაზე, როგორიცაა ეგზისტენციალიზმი და აბსურდიზმი. მეცნიერები და ენთუზიასტები დღესაც კი აგრძელებენ კაფკას შედევრების ანალიზს. უფრო მეტიც, კაფკას ისეთი თემების გამოკვლევას, როგორებიცაა უძლურება, იდენტობის კრიზისი და საზოგადოების ნორმების დეჰუმანური ეფექტები, კვლავ მოჰყვება რეზონანსი თანამედროვე საზოგადოებაში. მისი რეპრესიული სისტემების კრიტიკა და ადამიანის ფსიქიკის კვლევა მკითხველს ეხმიანება სოციალური, პოლიტიკური და ეგზისტენციალური გაურკვევლობებით გამორჩეულ ეპოქაში.
კაფკას ნამუშევრების მუდმივი პოპულარობა შეიძლება მივაწეროთ მათ უნარს, გადალახონ დრო და ისაუბრონ ადამიანის გამოცდილების ფუნდამენტურ ასპექტებზე.
ფრანც კაფკას საყოველთაოდ ცნობილი მწერლის სტატუსი, მოწმობს მის ღრმა გამჭრიახობას, ადამიანური მდგომარეობას აღწერის უნარს და მის მუდმივ აქტუალობას. სანამ არსებობენ ინდივიდები, რომლებიც ებრძვიან ყოფიერების სირთულეებს, კაფკას ნამუშევრები გააგრძელებენ მკითხველების შთაგონებასა და პროვოცირებას, რომ ეჭვქვეშ დააყენონ მათი რეალობის აგებულება.