ჩვენი ქვეყანა, მართლაც რომ, მადლიანია. ჯერ რა ერი გვყავს, მერე- ბუნება, კულტურაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. მშვენიერია საქართველო, ისიც, რასაც ვხედავთ და ისიც, რასაც განვიცდით. განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენი კოპწია ენა, ასეთი სათუთი და ტურფა რომაა. სათაყვანებელია ქართული ანბანი, რომელიც იმ ქოხში ცხოვრობს, რომელსაც „დედაენა“ ჰქვია.
„დედაენა“ თითოეული ქართველის სამაგიდო წიგნია და ყველა თაობის აკვანს წარმოადგენს. იაკობ გოგებაშვილს გულს სტკენდა მამულიშვილთაგან მშობლიური ენის მივიწყება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ისეთი წიგნის დაწერა, რომელიც ნაცნობ მელოდიას დაუკრავდა და გზააბნეულ შვილს გაუძღვებოდა შინისკენ.
გოგებაშვილი „დედაენაზე“ განმარტოებით მუშაობდა მშობლიურ სოფელ ვარიანში. მისთვის მნიშვნელოვანი იყო წიგნი როგორც შემეცნებითი, ასევე მოსახერხებელიცა და გასაგებიც ყოფილიყო. გრაფიკოს ოსკარ შმერლინგს ისე მოეწონა დიდი ქართველი პედაგოგის ნამუშევარი, რომ მისი ილუსტრირება გადაწყვიტა.
ქართველები ანბანის შესწავლას ასე ვიწყებთ: „აი, ია“. ლეგენდის თანახმად, გოგებაშვილი მდელოზე მჯდარა, როცა მისკენ მიმავალი ბავშვის ხმა გაიგონა. გოგონას ხელში ია ეჭირა და ჩაფიქრებულ ძიას უთხრა- აი იაო. საამაყოა, რომ ქართველები ენის შესწავლას არა მხოლოდ ასოებით, არამედ წინადადებით ვიწყებთ. „აი ია“ სარკისებრი სიმეტრიაა და როგორც ჰარმონიულობას, ასევე თვითშემეცნებასაც გამოხატავს, რაც ჩვენს ენას სხვათაგან გამოარჩევს.
„დედაენა“ ასეთი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, რომ არა იაკობ გოგებაშვილის დაუღალავი შრომა. იგი აქტიურად ამუშავებდა წიგნს და თითოეულ გამოცემას უფრო მოსახერხებელსა და გასაგებს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ მწერალს ჯილდოც კი ჰქონდა დაწესებული მათთვის, ვინც ხარვეზს აღმოაჩენდა. „დედაენა“გოგებაშვილის ცხოვრებაში იმდენჯერვე გამოიცა, რამდენი ასო-ბგერაცაა ქართულ ენაში.
„დედაენის“ გაყიდვით გამომუშავებულ თანხას მწერალი ვარიანელთა განათლებას ახმარდა. მან საკუთარ სახლში გახსნა ორი საკლასო ოთახი და საჭირო ნივთების ყიდვა საკუთარ თავზე აიღო. გოგებაშვილისთვის ქართული კულტურის დაცვა მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ კალიგრაფიასაც დიდ ყურადღებას აქცევდა. ის მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ცენტრის დაკარგვა წერის სტილსაც განსხვავებულ ელფერს სძენდა.
ქართველთა პირველი წიგნი თითოეული მამულიშვილისთვის ახლობელია. ნოდარ დუმბაძე იხსენებდა, რომ „დედაენა“ მისი ოჯახის რელიკვია იყო, რომელიც სათუთ მოპყრობას მოითხოვდა. თურქეთში მოგზაურობისას გურულ ბიჭს შეხვედრია, რომელმაც ქართული არ იცოდა. მწერალმა რომ უსაყვედურა, მან ასე უპასუხა – ნენეი მომიკვდაო. დუმბაძე იმდენად დასევდიანებულა, რომ საკუთარი „დედაენა“ უჩუქებია, თან სთხოვა, რომ ესწავლა.
საუკუნეზე მეტია, რაც „დედაენა“ აქტუალობას არ კარგავს. მშობლიური ენა იმდენად ძვირფასია ქართველთათვის, რომ „დედაენის“ დღესაც კი აღვნიშნავთ. მსოფლიოში პირველად ჩვენ ავუგეთ ძეგლი წიგნს და პატივი მივაგეთ კულტურის მცველებს. ქართული ენა, მართლაც რომ, უნიკალურია და ჩვენში აღძრავს ისეთ ემოციებს, რომლებიც სხვა ენებს არ ძალუძთ.
ქართველი ქალები მუსიკაში
სტატიის ავტორი: სოფო წვერაიძე
საქართველო მდიდარია მუსიკოსებით, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ქართველ ხალხს მე-20 საუკუნის პერიოდი შეუმსუბუქა. დღეს მათი ნაწარმოებების, სიმღერებისა თუ მათი ხმის გარეშე ქართული მუსიკა ვერ წარმოგვიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ქალები გასულ საუკუნეშიც უფლებებისთვის იბრძოდნენ, საქართველოში იყვნენ ისეთი მუსიკოსები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. მათი სიმღერები დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. აუცილებელია, მათ შორის დავასახელოთ დები იშხნელები – ქალაქური ფოლკლორის სიმღერების შემსრულებლები. თავდაპირველად ოჯახში მუსიკას სამოყვარულო დონეზე უკრავდნენ და მღეროდნენ. ოფიციალურად კი ნინოს, თამარის, ზინაიდასა და ალექსანდრას კვარტეტი შეიქმნა 1941 წელს. დიდია დების როლი მეორე მსოფლიო ომის წლებში ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწასა თუ რეპერტუარის გამდიდრებაში. მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: „ყოველ სნეულებაზე“, „მხოლოდ შენ ერთს“ და სხვ . მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ომის დროს კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. ისინი ფაქტობრივად ბრძოლის ველზე მართავდნენ კონცერტებს ჯარისკაცებისთვის და ვითარებას ამით უმსუბუქებდნენ. დების სიმღერები დღესაც ცოცხლობს ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიებითა და უშუალოდ კვარტეტის ნამღერის სახით.
Play Video
Play Video
Play Video
მოგვიანებით ქართველი ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცა ინოლა გურგულია, რომლის სიმღერებიც, მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების სახით არაა შემორჩენილი, მაინც ყველა თაობაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით ცოცხლობს და ერთგვარ ქართულ იდენტობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული სიმღერის სტილი, რომელიც, ძირითადად, ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. ინოლას სულაც არ უსწავლია კონსერვატორიაში, და ,მიუხედავად ამისა, ის დარჩა ისტორიაში ქალად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მუსიკის ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებას, რომლსაც დღეს ქალაქური სიმღერების სახელით ვიცნობთ. მისი სიმღერებია: „მოვალ“, „საქანელა“, „შენთან“ , „ძეგლად გადმომეფარე“ და სხვები. ინოლას მემკვიდრეობას დღეს აგრძელებენ მისი შვილები: ია და დავით შუღლიაშვილები.
მეოცე საუკუნის კომპოზიტორებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე. ქალი, რომელსაც თანამედროვეობაშიც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. მისი სიმღერები მოიცავს არა მხოლოდ პატრიოტულ და სატრფიალო, არამედ საბავშვო ჟანრებს. მან „ტრადიციული ქართული სიმღერების“ სახით 350-ზე მეტი კომპოზიცია დაწერა, მათ შორის ჩვენთვის ცნობილი: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ , „ომში წასულო ვაჟკაცო“, „მეფის ქალი“ და სხვ. ამ და სხვა მიღწევების შედეგად კომპოზიტორს 2008 წელს გაუხსნეს ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან, როგორც საესტრადო სიმღერების ავტორს. თვითონ აღნიშნავს, რომ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რევაზ ლაღიძემ მოახდინა, სწორედ ამ ინსპირაციის გამო გვევლინება დღეს რუსუდან სებისკვერაძე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალ კომპოზიტორად.
მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ქართველ ქალ შემსრულებლებზე, რომელთაგან გამოვარჩევ ლიანა ისაკაძეს, XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ მევიოლინე ქალს, რომელიც ბავშვობაში „ვუნდერკინდად“ იწოდებოდა. მან ვიოლინოზე დაკვრა უკვე 3 წლის ასაკში იცოდა. 10 წლისა ის რესპუბლიკური ფესტივალის, მომდევნო წელს კი ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა, თუმცა ის მხოლოდ 11-ის იყო, ამიტომ პრემია ვერ მიიღო. ლიანას დაკრული გამოირჩეოდა ოსტატობითა და ღრმა მუსიკალურობით. გასაკვირი არაა, რომ იგი ბევრი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ისაკაძის რეპერტუარი შედგება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ნაწარმოებებისგან. აღსანიშნავია, რომ მევიოლინემ ქართული კამერული ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლდათ, გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა. მომდევნო წლებში კი იქ საკუთარი მასწავლებლის სახელობის მუსიკალური აკადემია დააარსა.
სია ძალიან გრძელია იმ ქალებისა, რომლებმაც ქართველებს, თავიანთი ღვაწლის სახით, დიდი საგანძური დაგვიტოვეს და დღესაც აგრძელებენ ქართული შედევრების შექმნას. ზემოთჩამოთვლილ და სხვა მუსიკოსთა შთაგონებით დღეს გვყავს წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა ქალები. მათგან დავასახელოთ:
ლიზა ბათიაშვილი– ქართველი წარმატებული მევიოლინე, რომელიც კონცერტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მართავს. მისი და ახალი ალბომის “City Lights”-ის კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ევროპაში.
ხატია ბუნიათიშვილი – ასევე წარმატებული პიანისტი, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია და მას 12 წლიდან არა ერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ანიტა რაჭველიშვილი – ქართველი ოპერის მომღერალი, რომელიც ცნობილია ჟორჟ ბიზეს „კარმენში“ მთავარი როლის, კარმენის, შესრულებით. ამან ანიტას დიდი წარმატება მოუტანა და ამის შემდეგ მან ეს როლი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენაზე შეასრულა. ის დღესაც აგრძელებს ამ და სხვა საოპერო არიების შესრულებას ევროპაში.
ლიზი რამიშვილი – გამორჩეული მუსიკოსი, ჩელისტი. ლიზი სცენაზე 7 წლის ასაკიდან დგას. მისი კონცერტებიდან მნიშვნელოვანია დუეტი ხატია ბუნიათიშვილთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან. რამიშვილის მუსიკალური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „კარნეგი-ჰოლში“ მისი დებიუტი იყო.
ამ და სხვა მუსიკოსებმა განაპირობეს ერთგვარი ქართული იდენტობის შექმნა. მე-20 საუკუნის კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა რთული ისტორიული თუ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განაგრძეს ქართული კულტურის განვითარება. მათ შექმნეს ნაწარმოებები, რომლებზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან. თანამედროვე მუსიკოსმა ქალებმა კი შეძლეს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს, როგორც გამორჩეული კულტურის მქონე ქვეყნის, წარდგენა. ქართველმა მუსიკოსმა ქალებმა დაგვიტოვეს სიმღერები თუ კომპოზიციები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ბავშვობის ნაწილია. მათი ვინაობის შესახებ ბევრმა უნდა იცოდეს და იამაყოს.
თბილისი ისტორიული საიდუმლოებით სავსე ქალაქია, ჩვენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურიფილმი “თბილისური ხედვა” კი ამ საიდუმლოებების პოვნაში დაგეხმარებათ.
ჯგუფის მიზანი იყო, გვეპოვა ქართული კინომემკვიდრეობის ლოკაციები და ამისათვის შევარჩიეთ რამდენიმე ფილმი. შეუმჩნევლად ვერ ჩავუვლიდით “მხიარული რომანის” აივანს, საიდანაც დღესაც ჟღერს ხათუნა კოტრიკაძის მიერ შესრულებული გოგი ცაბაძის “იმღერე რამეს” ჰანგები. შემდეგი გაჩერება “ვერის უბნის მელოდიები” იყო. მოვინახულეთ ბეთლემის აღმართი და ლეგენდარული კიბე, სადაც ცქრიალა მარო ჩამოირბენს. არაერთი საკულტო კადრი აქვს ნაჩუქარი ამ ფილმს და ჩვენი მოტივაციაც ეს იყო, რომ გენახათ როგორ ინახება კულტურული მნიშვნელობის ადგილები დღეს. გულგრილად ვერ დავტოვებდით “ვერის უბნის მელოდებთან” ახლო მყოფ ლოკაციას, შენობას, რომელზეც “ღიმილის ბიჭების” სახელებია დატანილი. დროით წაშლილი, მაგრამ ოდნავ შემორჩენილი ორი სახელის ფრაგმენტიც კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტეთ ის ჩვენი შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნაწილი ყოფილიყო. იმედი გვაქვს, ჩვენი თვალით დანახული თბილის-ქალაქი ისეთივე ლამაზია თქვენთვისაც.