სიქსტეს კაპელა
სტატიის ავტორი: ნატალი ბურდილაძე
სიქსტეს კაპელა აღორძინების ეპოქის იტალიური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ვატიკანში. პოპულარობა მან XV-XVI საუკუნეებში შესრულებული თვალწარმტაცი მხატვრობით მოიპოვა. თავად სამლოცველო აშენდა 1479 წელს პაპ სიქსტუს IV-ის ხელმძღვანელობით („სიქსტე“ მომდინარეობს „სიქსტუსიდან“).
შენობა ძალიან ახლოს არის წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან და ბელვედერის ეზოსთან ვატიკანში. აშენდა იმ ადგილზე, სადაც მანამდე არსებობდა „დიდი სამლოცველო“, რომელშიც შუა საუკუნეებში იკრიბებოდა პაპის სასამართლო.
საინტერესოა, რატომ აიგო სიქსტეს კაპელა და რა დანიშნულება ჰქონდა მას?
აქ იკრიბებოდნენ კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად. ამ მიზნით შენობა დღესაც გამოიყენება − 2013 წლის მარტში პაპ ფრანცისკეს არჩევნები სიქსტეს კაპელაში გაიმართა.

თავდაპირველად სიქსტის კაპელას თაღოვანი ჭერი ლურჯად იყო შეღებილი და ოქროსფერი ვარსკვლავებით დაფარული. 1481-1483 წლებში ფლორენციიდან მოწვეულმა მხატვრებმა – ბოტიჩელიმ, გირლანდაიომ, როსელიმ, პერუჯინომ და მათმა თანაშემწეებმა სიქსტეს კაპელის გვერდითი კედლები მოხატეს. სულ 16 ფრესკა იყო, რომელთაგანაც 12 შემორჩა. აქედან ექვსი იესო ქრისტეს უკავშირდება, ექვსი კი – მოსეს ცხოვრებას.
1508 წელს პაპმა იულიუს II-მ (ზეობდა 1503-1513 წლებში) სამლოცველოს ჭერის მოსახატავად დაიქირავა მიქელანჯელო ბუონაროტი. ამ დროს მიქელანჯელო უკვე პოპულარული მოქანდაკე იყო ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა პიეტა და დავითი. თუმცა, მას დიდად არ აფასებდნენ, როგორც მხატვარს.
თავდაპირველად სამლოცველოს ჭერი ლურჯ ცას ჰგავდა ოქროსფერი ვარსკვლავებით. ეს იყო მხატვრის, პიერმატეო დ’ამელიას ნამუშევარი. 1504 წელს მახლობლად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა სამლოცველოს ჭერზე ბზარები გამოიწვია. რომის პაპმა იულიუს II-მ, სიქსტუს IV-ის ძმისშვილმა, გადაწყვიტა დაექირავებინა მხატვარი ჭერის გადასაღებად და 1508 წელს მისი არჩევანი მიქელანჯელო ბუონაროტისზე შეჩერდა.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა იმის მიღწევა, რასაც მიქელანჯელომ ოთხი წლის განმავლობაში პაპის კაპელაში ხარაჩოებზე მარტო მუშაობით მიაღწია. როგორც ჩანს მიქელანჯელო ზურგზე იწვა და ზევით მზირალი ხატავდა. იგი ისე შეეჩვია ამ მოუხერხებელ მდგომარეობას, რომ ახალ მიღებულ წერილსაც თავის ზემოთ იჭერდა და ისე კითხულობდა; მაგრამ ფიზიკური თავგამოდება ადამიანისა, რომელმაც შეძლო და უზარმაზარი სივრცე დააუხმარებლად მოხატა, მის ინტელექტუალურ და მხატვრულ ღირსებებთან შედარებით არაფერია.

კაპელას ჭერის მოხატულობა ვერტიკალურად სამ დიდ ნაწილად იყოფა: ყველაზე მაღლა მიქელანჯელომ სხვადასხვა ზომის მართკუთხედებში გამოსახა ცხრა სცენა ძველი აღთქმის „დაბადებიდან.“ ფრესკა „ადამის შექმნა“ სახვითი ხელოვნების ნოვატორულ ნიმუშებს შორის ყველაზე ცნობილი გახდა. მომცრო სცენების გვერდზე შიშველი ფიგურებია, რომლებსაც ხელში სხვა ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი და თითქოს ბრინჯაოში ჩამოსხმული მედალიონები უჭირავთ. ოდნავ უფრო ქვევით, მეორე ნაწილში, სხედან წინასწარმეტყველები და სიბილები, რომლებიც ქრისტეს მოსვლას წინ უსწრებდნენ. მესამე ნაწილში, რომელიც სამკუთხედებისა და ლუნეტებისგან შედგება, ქრისტეს წინაპრები არიან გამოსახულნი. და ბოლოს, თაღის გვერდითა საყრდენებზე ვხედავთ მტრის წინააღმდეგ ებრაელთა ბრძოლის ოთხ ეპიზოდს, მთავარი მოქმედი პირების – დავითის, მოსეს, ივდითისა და ესთერის – ფიგურებით.
მიქელანჯელოს ეს საიტერესო ქმნილება ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ერთობასა და კონფლიქტზეა აგებული. სამყაროს შექმნა თითქოს ნებაა, ღმერთის და ადამის კავშირი სიცოცხლის დაბადება, პირველი ცოდვა კი უკვე შექმნილ სამყაროში არსებობაა. მიქელანჯელოს ეს ციკლი არსებობის ნებას ასახავს. ადამიანის და ღმერთის ურთიერთობას და კაცობრიობის მუდმივ წინააღმდეგობებს.

ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც ადამის შექმნის გამოსახულებაა. ადრეც დაუხატავთ ადამი, რომელიც მიწაზე იწვა და ღმერთის ხელის უბრალო მიკარებით ცოცხლდებოდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შესაქმის საიდუმლოს სიდიადე ასეთი ძალით გადმოეცა. ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა ის, თუ როგორ მოახერხა მიქელანჯელომ, ღვთიური ხელის ეს შეხება სურათის ცენტრად და ფოკუსად ექცია, და ყოვლისშემძლეობის იდეა შესაქმის ამ დაუძაბავი და ძლიერი ჟესტით ეჩვენებინა.