მთავარი რედაქტორი: ანანო მეგრელიშვილი
ჟურნალ “შთა-გონების” მთავარი რედაქტორობა მეტად საპასუხისმგებლო, ამაღელვებელი და რთული საქმეა, თუმცა თან სდევს მრავალი უპირატესობა. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს იყო უწყვეტი სწავლის პროცესი, რომელიც დღითიდღე აუმჯობესებდა ჩემს სარედაქციო უნარებსა და თავისუფალ აზროვნებას. ყოველდღე ვკითხულობდი უამრავ კვლევით ნაშრომს, ვახარისხებდი ავტორებისგან მოწოდებულ სტატიებს, ვთანამშრობლობდი არაჩვეულებრივ რედკოლეგიასთან… ჟურნალში მუშაობით საშუალება მომეცა, არა მარტო ჩემი განათლების თვალსაწიერი გამეფართოებინა, არამედ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის. “მთიების” მოსწავლეებს შორის ცოდნის გავრცელებაში წვლილის შეტანის მღელვარებამ ეს ხანგრძლივი პროცესი მართლაც ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცია. ვიმედოვნებ, რომ ჟურნალი “შთა-გონება” კიდევ დიდ ხანს იარსებებს, ჩვენი სკოლის ბევრი მოზარდის შთაგონების წყაროდ იქცევა და იქნებ ოდესღაც “მთიების” საზღვრებსაც კი გასცდეს…
ისტორია და სამართალის რუბრიკის ხელმძღვანელი: გიორგი ლომთაძე
სასკოლო ჟურნალს არ აქვს დიდი ტირაჟი და ამბიციები, თუმცა ჩემთვის და ჩემი სკოლელებისთვის მის ფურცლებზე მოხვედრილი თემები და აქტუალური საკითხები ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ეს არის მუდმივი ძიების პროცესი. სწორად შეარჩიო მთავარი თემა, აღმოაჩინო საინტერესო სახეები, დასვა და უპასუხო კითხვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შენი აუდიტორიისთვის. გარდა ამისა, რედაქტორობა და ჟურნალისტის ამპლუა გიყალიბებს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარს, მოსმენის კულტურას, განსხვავებული აზრის მიმღებლობას და გიმძაფრებს სურვილს, გაიღრმავო საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. პროფესია, რომელსაც მინდა სამომავლოდ გავყვე, არ არის ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული, თუმცა არასდროს დამავიწყდება ის საოცარი შეგრძნება, რომელიც ყოველი ახალი ნომრისთვის მუშაობის პროცესს ახლავს თან. მინდა, ჩვენს სკოლაში გაზეთის არსებობის ტრადიცია დიდხანს გაგრძელდეს, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს ახლად გამოსული ჟურნალის სახე და მასში დაბეჭდილი სიტყვების ძალა.
ლიტერატურის რუბრიკის ხელმძღვანელი: ლიზი საყვარელიძე
ზოგჯერ წიგნების კითხვა საკმარისი არაა რეალობისგან გასაქცევად, ადამიანი მელნად უნდა დაიღვაროს ცარიელ ფურცელზე. ლიტერატურის რუბრიკის რედაქტორობა ჩემთვის თვით გამოხატვის საშუალებაა, მომეცა შესაძლებლობა, გამერღვია ჩარჩოები და გამეთავისუფლებინა წლების განმავლობაში დაგროვილი ფიქრთა ნაკადი.“შთა-გონებამ” სწორედ ის მომცა, რასაც ნებისმიერი თინეიჯერი ისურვებდა: გამოცდილება, მიზანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფლება. ჩვენი დევიზია: “ფიქრი არ იბეგრება!” მართლაც, ჩვენს ჟურნალს ახლებური ხედვა ახასიათებს, ვწერთ ყველასთვის, ვწერთ ჩვენს ინტერესებზე. სხვა რედაქტორებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით დამეხმარა მიზნის მიღწევაში. ერთმანეთს ვუზიარებდით იდეებს, ვსაუბრობდით, ვიცინოდით… მოკლედ, ერთმანეთის პირველი მხარდამჭერნი აღმოვჩნდით. სწორედ ამ ურთიერთობებისთვის ღირდა ამდენთვიანი შრომა და ყოველი წამი ტკბილ მოგონებასავით გამიკრთის გონებაში. უამრავი სიახლე გავიგეთ ერთმანეთისგან, ბატონი გიას საუბარმა კი თითქოს ჩვენი მსოფლმხედველობა ყირაზე დააყენა. ვგრძნობ, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილად ვიქეცი მას შემდეგ, რაც რედკოლეგიას შემოვუერთდი. და კიდევ მიხარია, რომ “შთა – გონებამ” მყუდროება სასიამოვნოდ დამირღვია. საკუთარი თავისთვის წერა ერთია, მაგრამ შენს ნაშრომს სხვა რომ კითხულობს, გულაფართხალებული შესცქერი, მის თითოეულ ჩაღიმებასა თუ შეწუხებას გაფაციცებით აკვირდები, ნატრობ, სამუდამოდ ამოიკაწროს შენი სიტყვები მკითხველის სულში… ახლაც სულმოუთმენლად ველი, როდის გაეცნობით ჩვენს სტატიებს და რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ თითოეულის კითხვისას.
ფსიქოლოგიის რუბრიკის ხელმძღვანელი: ანა ყაჯრიშვილი
მსურს, გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და გამოცდილება, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას მივიღე. ეს იყო საინტერესო, სახალისო, ამაღელვებელი – გავიღრმავე ცოდნა და ამაში სწორედ ამ სტატიების დაწერა დამეხმარა. მე და კესო –ამავე რუბრიკის თანამონაწილე – დავდიოდით კვირაში ორჯერ ჩვენი სკოლის ფსიქოლოგთან, რათა ჩაგვეწერა ინტერვიუ, მოგვესმინა მისი გამოცდილება, მიგვეღო მისგან რჩევები და ამან შედეგიც გამოიღო. ჩვენ ფსიქოლოგთან ერთად მოვიძიეთ ჩატარებული გამოკითხვები, რომელთა მიხედვითაც თქვენივე ფსიქიკის გაგება შეგიძლიათ. წაიკითხეთ ეს სტატიები და გაიგეთ მეტი როგორც სხვების, ისე თქვენი თავის შესახებ.
კულტურის რუბრიკის ხელმძღვანელი: სოფო წვერაიძე
კულტურა, ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო და ახლაც არის. მუდამ ვფიქრობდი, რომ ხელოვნება ყველაზე დაუფასებელი სფეროა მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში. კულტურის რუბრიკის რედაქტორობაც მეტწილად ამიტომ ავირჩიე, მინდოდა თანატოლებს ხელოვნებისა და ზოგადად, კულტურის შესახებ მეტი სცოდნოდათ. შესაბამისად მეც და „მთიების“ სხვა მოსწავლეებიც ვწერდით ისეთ სტატიებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ელემენტარულ ცოდნას მისცემდა და მათში რაღაც ინტერესს გამოიწვევდა. უშუალოდ რედაქტორობა ჩემთვის საპასუხისმგებლო, თუმცა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ბატონ გიასთან და ჩვენს არაჩვეულებრივ რედკოლეგიასთან შეხვედრა, აზრების გაცვლა-გამოცვლა, ახალ იდეებზე მსჯელობა ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი გახლდათ. ვფიქრობ, ჟურნალი „შთა-გონება“ ბევრ ადამიანს დააინტერესებს და წარმოდგენასაც შეუცვლის რაღაც საკითხებზე. იმედი მაქვს, ჩემ და ჩემი კოლეგების ნაშრომს არა მხოლოდ „მთიების“ მოსწავლეები, არამედ სხვა სკოლებიც, უფროსებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც იხილავენ და დაინტერესდებიან.
მთიების ავტორების რუბრიკის ხელმძღვანელი: გვანცა ფხალაძე
ჟურნალ ,,შთაგონებაზე,, მუშაობის პროცესი, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო და პროდუქტიული აღნოჩნდა. ჟურნალის რუბრიკის ,, მთიების ავტოერების,, რედაქტორი პირველი ნომრიდან მოყოლებული ვარ და არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ზრდა და წინსვლა, რომელიც ჟურნალმა განიცადა სხვადასხვა ასპექტში, ამაში წვლილი კი რა თქმა უნდა მოუძღვით, რედაქტორს, რუბრიკის რედაქტორებს, თითოეული რუბრიკის ხელმძღვანელს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაიას და ბატონ გიას, რომლებიც ყველანაირად დაგვეხმარნენ, რომ ჟურნალი ყოფილიყო უფრო დახვეწილი და გამართული.
ფილოსოფიის რუბრიკის ხელმძღვანელი: ლიზი გვალია
როგორც ჟურნალ “შთა-გონების” ფილოსოფიის რედაქტორისთვის, ჟურნალში მუშაობა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. თითოეული სტატია წარმოადგენს მცდელობას, რომ მკითხველთათვის გაგვეცნო ახალი და საინტერესო თემები ფილოსოფიასთან დაკავშირებით. ამ პროექტზე მუშაობა არ იყო მხოლოდ დავალება, არამედ პრივილეგია, რომელმაც საშუალება მომცა ჩავრთულიყავი სხვადასხვა პერსპექტივებით ფილოსოფიის სხვა კუთხით შემეცნებაში.
განათლების რუბრიკის ხელმძღვანელი: კესო ლომიძე
ჟურნალი ,,შთა-გონების” განათლების რუბრიკის რედაქტორობა საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი და საპასუხისმგებლო გახლდათ, ვინაიდან, როგორც რედაქტორს მევალებოდა სხვადასხვა საინტერესო სტატიის წაკითხვა და მათი რედაქტირება. პროცესში ვიმუშავე სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან, გავეცანი მათ მოსაზრებებს და გარკვეული საკითხები დამანახეს იმ კუთხიდან, რომელიც ჯერ არ აღმომეჩინა. სწორედ მათი დახმარებით მოხდა განათლების რუბრიკისა და მთლიანი ჟურნალის სრულყოფა. პირადად ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო ამ პროექტზე მუშაობა და გარდა სიამოვნებისა ამ პროექტისაგან მივიღე გარკვეული ცოდნა და წარმოდგენა შემექმნა რედაქტორის პროფესიის შესახებ. მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი მემუშავა ამ პროექტზე. და ბოლოს, ყველას ვურჩევ გაეცნოს ჟურნალს და მოგვახსენონ მათი შთაბეჭდილებები თუ შენიშვნები. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტში და უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ჟურნალ ,,შთა-გონებას”.