Skip to content

სტატიის ავტორი: გვანცა ფხალაძე

სტატიის ავტორი: ელენე კოპალიანი

სამი წვეთი სისხლი და წყალი 

ავტორი: გვანცა ფხალაძე

– ხელის გაჭრა აუცილებელია?

– ნუ ნერვიულობ. თითოეული ღირსეული მოქალაქის სისხლი, მათ შორის შენიც, ამ მიწას ეკუთვნის.

– გამონაკლისი არ ყოფილა?

– მგონი ერთხელ, დიდი ხნის წინ. გადმოცემით ვიცი.

– რა მოხდა.

– ერთი შეშლილი თურმე წინ აღუდგა ჩვენს მმართველს და სიმშვიდის დარღვევა მოინდომა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან გააძევეს.

– მე ეს ხომ არ მემუქრება? – გაფართოებული თვალები მიაპყრო გოგონამ ქალს.

– სულელო, რისი გეშინია, ხომ გითხარი ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ახლა დაიძინე, ხვალ რთული დღე გელის.

ქალი სიმართლეს ამბობდა. მართლაც მძიმე და დამღლელი დღე ელოდათ. თქმულების თანახმად, ევიმეიჩი ლტოლვილებმა და სხვა ქვეყნებიდან დევნილებმა შექმნეს. ომი და არეულობა რომ თავიდან აერიდებინათ,  საბჭოს წევრებმა ჩამოაყალიბეს ქვეყნისა და მოქალაქის გარიგება, სადაც გარკვევით ეწერა მოქალაქეების ვალდებულებები,  აკრძალვები და ტრადიციები. ევიმეიჩის ცენტრში, მიწისქვეშ დიდი  ოთახი იყო, სადაც ქვეყნის სიმბოლო – სამი ზვიგენი დაცურავდა. ყოველ წელს მოსახლეობა იქ იყრიდა თავს, რათა ენახათ, როგორ გამოაცხადებდნენ ახალგაზრდებს ქალაქის კანონიერ მოქალაქეებად. ისინი ხელს დანით იჭრიდნენ და სამ წვეთ სისხლს წყალში აწვეთებდნენ. თუ ზვიგენები სისხლს მიუახლოვდებოდნენ, ახალგაზრდა ქვეყნის მოქალაქე ხდებოდა. მოქალაქედ გამოცხადება დიდი და ამაღელვებელი მოვლენა იყო.  თუ ვინმე უარს იტყოდა და სისხლს წყალში არ ჩააწვეთებდა, მას   განსხვავებულად და საფრთხის მომასწავლებლად ჩათვლიდნენ, მეორე დღესვე  ქვეყნიდან სამუდამოდ გააძევებდნენ. თუმცა მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, არავინ გამოჩენილა ისეთი, ვინც ამ ყველაფერს წინ აღუდგებოდა.

– შეიძლება შემოვიდე?

– კიდევ არ გძინავს?

– ვერ ვიძინებ.

– კარგი, შემოდი.

– რაღაც მინდა გკითხო.

– მკითხე.

– თუ მოქალაქე გავხდები, ქვეყნიდან ვეღარასოდეს გავალ?

– უცნაური კითხვაა.- ქალმა ცივად გაიღიმა და ბუხრისკენ შეტრიალდა.

– გასაგებია, ვერ გავალ.

– ხო, ვეღარ გახვალ, მაგრამ რად გინდა სხვაგან წასვლა? განა აქ არ არის ყველაფერი, რაც გჭირდება?

– იქნებ სხვა რამის ნახვაც მსურს.

– დამიჯერე, არ გინდა, აქ უსაფრთხოდ ვართ.

– უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ვიღუპებით.

– რას გულისხმობ?

– ქუჩაში გაგიხედავს მაინც? იცი, რა ხდება გარეთ?

– სიმართლე რომ გითხრა, დიდად არც მაინტერესებს.

– მაშინ მე გეტყვი, პრეზიდენტს და მის წარჩინებულებს  სახე აქვთ დაკარგული, საცოდავი ხალხი კი შიმშილით იხოცება.

– ყველა ბედნიერებისთვის არ არის გაჩენილი.

– ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ.- შეშფოთებულმა თქვა.

– მეტი ძალაუფლება- მეტი ბედნიერება.

– სამყარო ასე არ მუშაობს.

– ეს ერთადერთი სახელმწიფო მოწყობაა, რომელიც ამართლებს.

– ამას გამართლება შეგიძლია უწოდო?

– შემიძლია და ვუწოდებ კიდეც.

– აქედან წასვლა მინდა.

– აღარ გაბედო მაგის მეორეჯერ თქმა, ახლა კი სასწრაფოდ დაბრუნდი შენს ოთახში.- დაიყვირა ქალმა და უფრო გამალებით განაგრძო ქსოვა.

დერეფანს ნელა მიუყვებოდა და გული საშინლად უცემდა. არ იცოდა, ვინ იყო, რა უნდოდა, რას აპირებდა.  ახლა უკვე აღარაფერი იცოდა.

კურთხევის დღეს წვიმდა, მაგრამ ამას ხალხი არ შეუშინებია, პირიქით თითქოს  უფრო ენერგიულად დაიწყეს მზადება რიტუალისთვის. მოედანთან ადგილები დაიკავეს და ცერემონიის დაწყებას დაელოდნენ. მალე  ტრიბუნაზე პრეზიდენტიც გამობრძანდა.

– მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს კიდევ ბევრი ახალგაზრდა შეემატება ჩვენს რიგებს. გთხოვთ, გაამხნევოთ ისინი. საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ცერემონიას გახსნილად ვაცხადებ.

 ხალხი აგუგუნდა. მოქალაქეები ტრიბუნის წინ რიგებად ჩამწკრივებულიყვნენ.  უცებ სიჩუმემ დაისადგურა.

– გთხოვთ, მობრძანდით, – ჩაილაპარაკა პრეზიდენტმა.

პირველი მოქალაქე დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, რის გამოც  პერზიდენტმა   ბიჭს დანა ზიზღით მიაწოდა. ამრეზით უყურებდა, როგორ ჩაეწვეთა  სამი წვეთი სისხლი წყალში და როგორ ხარბად მოგროვდნენ ზვიგენები მის გარშემო. გოგონა ნერვიულად ცქმუტავდა ადგილზე, თუმცა  ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. ბოლოს მისი ჯერიც დადგა. პრეზიდენტმა დანა  გაწმინდა და  ღიმილით გაუწოდა გოგონას,  რომელმაც  ყოყმანის შემდეგ ხელზე დაისვა ორნამენტებიანი ანტიკური დანა და მძიმედ ჩაისუნთქა.

პირველი წვეთი ხმაურით დაეცა წყლის ზედაპირზე.

                                                             ერთი.

                                                      გული აუჩქარდა.

                                                              ორი.

                                                     სუნთქვა გაუხშირდა.

მესამე წვეთიც და  საოცნებო ცხოვრებას სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა. უეცრად გოგონამ გაუაზრებლად მომუჭა ხელი და სისხლი შეაკავა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ავის მომასწავებელი  სიჩუმე,  გაქცევისა და დამალვის სურვილს რომ გაუჩენდა კაცს.

– კარგად ხართ?

– დიახ, –  თქვა გოგონამ და პოლიციელთა ჯგუფიც გამოჩნდა. ნახევარ საათში ის უკვე ევიმეიჩის ციხის საკანში იყო და განაჩენს ელოდებოდა.

მეორე დღეს საკნის კარი მაღალმა კაცმა მძიმედ შეაღო.

– ჰეი, შენ, ადექი, გელოდებიან.

 გოგონა ხმის ამოუღებლად გაჰყვა კაცს.  მოედანთან უამრავ ხალხს  მოეყარა თავი. ღრუბლიანი დღე იყო. პრეზიდენტი ტრიბუნაზე ავიდა.

– თანამემამულეებო, ყველამ ვიცით აქ რატომაც შევიკრიბეთ.- გოგონას გახედა და თავი გააქნია.- წარჩინებული წრის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობაზე. ჩვენ გავითვალისწინებთ მის წარმომავლობას და სახელს და უკიდურესს ზომას არ მივმართავთ. იგი სამუდამოდ  იქნება გაძევებული ქვეყნიდან. ყველას ეკრძალება მასთან ურთიერთობა, რათა სამუდამოდ მოვსპოთ ეს უწესობა და  სენი აღარ გავრცელდეს. თუ რამის თქმა გინდათ, გისმენთ.

გოგონამ ჩაიღიმა და თავი ასწია.

– მე მივდივარ, სამუდამოდ გტოვებთ, ძალიან მომენატრებით, მაგრამ იძულებული ვარ, ეს უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღო. ვიმედოვნებ, ოდესმე გაიფანტება თქვენი გონებიდან და თვალებიდან ნისლი და იმას დაინახავთ, რაც მე დავინახე. ვიმედოვნებ, ოდესმე მოიხსნით იმ ჯაჭვს, რომელიც ასე მძიმედ გადევთ სულზე და მიხვდებით, რომ აქამდე არც გიცხოვრიათ.

დიდი კარიბჭე გაიღო. წვიმდა. ხალხს ხმა არ ამოუღია.

– უნდა გავიქცე, სწრაფად, უკანმოუხედავად, – გაიფიქრა

გოგონამ და თვალები დახუჭა, თუმცა  გულმა ვერ გაუძლო და ქალაქს კიდევ ერთხელ გახედა. ათასობით ცარიელი, სევდიანი თვალი უიმედოდ  მისჩერებოდა და ელოდებოდა, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი.

– იქნებ დავბრუნდე კიდეც, თქვენთვის, – ჩაიჩურჩულა და მთელი ძალით გაიქცა.

ევიმეიჩის გარეთ მზე ანათებდა. გოგონა მუხლებზე დაეცა და იგრძნო, როგორ დაიხურა მის ზურგს უკან კარი. გაჭრილი ხელი ისევ სტკიოდა, თუმცა სისხლი აღარ მოსდიოდა.

იანგულის დღიური

ავტორი: ელენე კოპალიანი

დღე პირველი

დღეს სკრიპკასთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. არც ვემზადები, რადგან მაგაზე თონთლო კაცი მთელ სოხუმს არ უნახავს. თან მუდამ თავის კოკასთან ერთად დაიარება, ერთი მეორეს მწყემსავს. დღეს მიდას შევეჩეხე, მაგრამ მისი სილამაზით დიდხანს ტკბობა ვერ მოვასწარი, რადგან პეტიამ დამიძახა – ჯემალთან გაგვიანდებაო. დღეს სკრიპკამ მუჭი მითავაზა, მაგრამ მეც არ დავაყოვნე. მერე შევთანხმდით, რომ ამ დღეიდან ერთმანეთს ვაგინებთ, ხვალ ისევ ვხდებით ერთმანეთი, რომ შევურაცხვყოთ.

დღე მეორე

დღეს ბაზარში რძე მაქვს მისატანი და თან აპოლონიც უნდა ვაბალახო. შუა დღეს ჯემალს შევხდი და სულ ვუძახე  „იმანე სუ პროსტიკა ინეკა ჯემალ“, ა;ბატ, ისიც ასე მეძახდა… საღამოს კოკას შევხდი და ვკითხე, ჯემალის დედა სადაა-მეთქი. მითხრა, რომ გარდაიცვალა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ აღარ ვუგინებ დედას.

დღე მესამე

მეშინია, არ ვიცი სხვაგან როგორ ვიცხოვრებ, თან ეს სხვა ჩემი ნამდვილი სამშობლოა. მშობლიურობა როგორ გავიგო, ეგეც არ ვიცი. უბანში ყველაზე ძლიერი ვარ ან სულაც არა, უბრალოდ, ყველას ჰგონია ასე.

 მეშინია, რომ ჩემი ცხოვრება აქვე დამთავრდება. წერა-კითხვაც ნორმალურად არ ვიცი. ნეტავ, რის შემდეგ გავხდი ასეთი სევდიანი? ალბათ, ღირსეული ადამიანის გაცნობამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულებები.

ეჰ, ჯემალ. როგორი კეთილსინდისიერი და ღირსეული ხარ, უდედობაც გვაერთიანებს და ალბათ, ყველაზე მეტადაც ამიტომ მესმის შენი.