აპოლონური და დიონისური საწყისები ბერძნული მითოსიდან იღებს სათავეს. მათ თითქმის ყველა დარგში ვხვდებით, მაგ. ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში… ეს საწყისები ორ მითიურ ღმერთს ერთმანეთს უპირისპირებს და განასხვავებს კიდეც ერთმანეთისგან.
აპოლონური საწყისი წარმოიშვა სინათლისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონისგან. იგი ზევსისა და ლეტოს ვაჟი და თორმეტი მთავარი ღმერთიდან ერთ-ერთი იყო. გადმოცემის თანახმად,ხელოვნების ღმერთი მშვიდი, რაციონალური, მოწესრიგებული, კრეატიული და გაწონასწორებული გახლდათ. მის მთავარ ძალას საკუთარი თავის ფლობა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, აპოლონური საწყისი შემოქმედებითობას დაეფუძნა.
დიონისური საწყისი მიწიერება – ნაყოფიერების ღმერთისგან, დიონისესგან, მომდინარეობს. იგი უფრო მეტად ცნობილია ღვინის ღმერთის (ლათინურად – ბახუსის) სახელით. დიონისე ზევსის შვილთაგან ერთ-ერთია, რომელმაც, აპოლონისგან განსხვავებით, თორმეტ მთავარ ღმერთს შორის ადგილი ვერ მოიპოვა. ბახუსი აპოლონის ანტიპოდია: ის მგრძნობიარეა, ემოციებს აყოლილი, სასმლით გაბრუებული და ქაოსური. მისი საწყისები გართობაზეა დაფუძნებული.
ჩვენი რუბრიკის ფარგლებში აღნიშნულ თემას მწერლობასა და ფილოსოფიაში განვიხილავ: ჰერმან ჰესე თავის ნაწარმოებში „ნარცისი და გოლდმუნდი“ აპოლონურ და დიონისურ საწყისებს დედისეული და მამისეული სამყაროების ტერმინოლოგიით გამოხატავს. ის აღნიშნავს: „ხელოვნება იყო შერწყმა მამისეული და დედისეული სამყაროების, სულისა და სისხლის. ხელოვნება შეიძლება გრძნობით დაიწყოს და აბსტრაქციით დამთავრდეს, წმინდა იდეების სამყაროში თავისი საწყისი ჰპოვოს და სისხლითა და ხორცით დასრულდეს.“ მწერალი დედისეულში დიონისეულს, ხოლო მამისეულში აპოლონურ საწყისს გულისხმობს, რის საფუძველზეც მტკიცდება, რომ ჰერმან ჰესეს სჯეროდა მითოსური საწყისებისა.
ფრიდრიხ ნიცშე პირველი მწერალია, რომელიც აპოლონურ და დიონისურ საწყისებს ფილოსოფიაში იყენებს. ეს თემა გაშლილია წიგნში „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულით“. ნიცშეს აზრით, ხელოვნების საწყისს სწორედ დიონისესა და აპოლონის განსხვავებულობა წარმოადგენს: „ხელოვნების საძირკველი ორი ერთიმეორის გამომრიცხველი საწყისია ბუნებაში: დიონისური და აპოლონური. პირველისთვის დამახასიათებელია აღვირახსნილი დროსტარება, თრობა, ცეკვა-თამაში, შვება და ტანჯვა, რომლითაც ადამიანი უერთდება პირველქმნილ ბუნებას. მისი შესაბამისი ხელოვნებაა მუსიკა, ქორო; აპოლონური საწყისის მთავარი თვისებაა ბრძნული სიდინჯე, პიროვნების ჰარმონია, ზომიერება, ელინური გაგებით. ამ საწყისს შეესიტყვება მშვენიერი ხელოვნება, შექმნისა და ამაღლების ჯანსაღი სული.”
ადამიანების ნაწილი დღესაც კი ყოფს საკუთარ თავსა და ახლობლებს აპოლონურად და დიონისურად. მაგალითად, გელა ჩარკვიანს მიაჩნდა, რომ აპოლონური ტიპის ადამიანი იყო, ხოლო მისი შვილი – დიონისური. ალბათ, ქვეცნობიერად ყველა გონიერი ადამიანი ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი რომელიმეში. და მაინც, რომელი ხარ შენ?