სტატიის ავტორი: დანიელა დალალიშვილი
სტატიის ავტორი: ანი ყაჯრიშვილი
სტატიის ავტორი: სალომე პაპუკაშვილი
სტატიის ავტორი: კატო ჭიაბრიშვილი
სტატიის ავტორი: ნანა გოგიჩაშვილი
სტატიის ავტორი: ნია ჩიქოვანი
სტატიის ავტორი: თათა ჭიჭინაძე
სტატიის ავტორი: თათა ჭიჭინაძე
ფსიქოლოგიის როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში
სტატიის ავტორი: დანიელა დალალიშვილი

ფსიქოლოგიის აქტუალობა
თანამედროვე სამყაროში, რომელშიც საზოგადოების ყველა სფერო აქტიურად და დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით გაიზარდა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების აქტუალობა, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებისა და ადამიანის ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ცოდნის საშუალებით ადამიანის ცხოველქმედება ხდება უფრო ეფექტური, წარმატებული, იგი ეხმარება პიროვნებას საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზებაში, საკუთარი თავის გაცნობაში, ადექვატური თავადაჯერებულობის ფორმირებაში, ეფექტური კომუნიკაციური უნარების დაუფლებაში, პირადი და პროფესიული მიზნების ეფექტურ განხორციელებაში და ა.შ.
ახალი ტიპის ადამიანი
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც დღის წესრიგში დადგა ე.წ. “ახალი ტიპის” ადამიანის არსებობა, რომელიც ეფექტურად მოერგება ცხოვრების ზედმეტად აქტიურ რიტმს, ტექნოლოგიების განვითარებას, ღირებულებების გადაფასებას, სტრესულ გარემოში თვითეფექტურობის შენარჩუნებას და ზრდას, იმ ახალი რეალობების და გამოწვევების მიღებას, რომლებმაც ნამდვილად საფუძვლიანად მოიკიდა ფეხი ჩვენს ყოველდღიურობაში, ფსიქიკის სიჯანსაღის შენარჩუნების მიზნით აუცილებელი გახდა ამაღლდეს საზოგადოების ფსიქოგანათლების და ფსიქოცნობიერების ხარისხი, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ადამიანებს ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.

ვინ უწევს მსგავსი ტიპის დახმარებას ადამიანებს ანუ ვინ არის ფსიქოლოგი და რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია მას?
ფსიქოლოგი არის პირი, რომელსაც აქვს მიღებული პროფესიული განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით, ფლობს დიპლომს და პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას. ფსიქოლოგები ძირითადად მუშაობენ ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ სირთულეები შემდეგი მიმართულებით:
- პიროვნული პრობლემები;
- ინტერპერსონალური პრობლემები;
- ცხოვრების მკვეთრი ცვლილებები და მათი გავლენას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე;
- ასაკობრივი კრიზისები;
- ფსიქოსომატური დარღვევები;
- სწავლის, სამსახურის, ურთიერთობების, დროის და ემოციების მართვის და სხვა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემები.

შესაბამისად, ჟურნალის ფსიქოლოგიურ რუბრიკაში, ჩვენ შევეცდებით “აიბი მთიების” მოსწავლეების დახმარებით პერიოდულად მოგაწოდოთ ფსიქოლოგიური შინაარსის ინფორმაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ რჩევა–რეკომენდაციები, გარკვეულწილად, დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრასა და იმ კითხვებზე პასუხების ძიება/გაცემაში, რომელიც მოცემულ ეტაპზე თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ცნობილი ადამიანის ცხოვრებიდან – სტივ ჯობსი
სტატიის ავტორი: ანი ყაჯრიშვილი
სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, დ. 24 თებერვალი, 1955, სან-ფრანცისკო — გ. 5 ოქტომბერი, 2011, პალო-ალტო), ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე “სათამაშოების ისტორია” მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა. როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ სტივ უოზნიაკთან ერთად მან პოპულარიზება გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას Apple II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, ეს ინოვაციები შემოიტანა ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში. 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა – 56 წლის ასაკში.

სტივ ჯობსის წერილი
„ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალს მივაღწიე. ბევრისთვის ჩემი ცხოვრება წარმატების განსახიერებაა. ვაღიარებ, სამსახურის გარდა, არც თუ ისე ბევრი რამ მაბედნიერებს. სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიე.
ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა.
როდესაც სიბნელეში აპარატზე მოციმციმე მწვანე შუქს ვუყურებ და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის..
ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. შეიძლება ზოგისთვის ეს ურთიერთობებია, ზოგისთვის ხელოვნება ან ბავშვობის ოცნებები…
სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს…
სიმდიდრეს, რომელიც ამ ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. რასაც თან წავიღებ, ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გდევდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას.
სიყვარულს ყველაზე დიდი სიშორის დაძლევაც შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. წადით იქ, სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენ ხელშია.
ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიკეთებენ, მაგრამ ვერავინ იავადმყოფებს თქვენს მაგივრად.
მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლება გამოვძებნოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომელიც თუ დაკარგე, ვერასდროს იპოვნი, ეს ცხოვრებაა.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. ყველასთან დადგება დღე, როცა ფარდა დაეშვება…
თქვენი განძია სიყვარული ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი…
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე…”
სტივ ჯობსის 33 სამოტივაციო ფრაზა
- შენს სამსახურს შენი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს, კმაყოფილების მისაღწევად ერთადერთი გზაა, აკეთო დიდებული საქმეები. დიდებული საქმის საკეთებლად ერთადერთი გზაა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუკი საყვარელი საქმე ჯერ არ გიპოვნია, განაგრძე ძიება. არ გაჩერდე. როდესაც იპოვნი აუცილებლად მიხვდები;
- ინოვაცია განასხვავებს ლიდერსა და მიმდევარს;
- როდესაც ხარ დურგალი და ქმნი ლამაზ კომოდს, შენ არ გამოიყენებ უბრალო ფანერის ნაჭერს მაშინაც, თუკი ის ზურგისკენ იქნება მოქცეული და ვერავინ დაინახავს. შენ გამოიყენებ კარგ მასალას და ამას გააკეთებ იმისთვის, რომ ღამით მშვიდად გეძინოს, ხოლო ხარისხმა დროს გაუძლოს;
- ჩემი ბიზნესის მოდელი “ბითლზია”: ოთხი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთის ნეგატიურ მიდრეკილებებს აკონტროლებდნენ და აბალანსებდნენ. საბოლოოდ კი, მიიღებოდა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე თითოეული მათგანის უნარების ჯამი;
- გახსოვდეს, რომ მოკვდები. ესაა საუკეთესო გზა, რითაც რაიმეს დაკარგვაზე ფიქრს ვანებებ თავს. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საკუთარ გულს არ უნდა მისდიო;
- როდესაც პირველად იწყებ პრობლემის გადაჭრას, გამოსავალი თავიდან რთულად მიიღწევა და ადამიანებს ეს აბრკოლებთ. თუმცა, თუ არ გაჩერდები და პრობლემას ნელ-ნელა ააცლი ფენებს, შესაძლოა, გაცილებით ელეგანტურ და მარტივ გადაწყვეტამდე მიხვიდე. უმეტესობა უბრალოდ არ დებს საკმარის დროსა და ენერგიას. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლები არიან ჭკვიანები და სურთ ისეთი პროდუქტი, როგორსაც ჩვენ ვქმნით;
- როდესაც რაღაც კარგად გამოგდის, არ შეჩერდე ამაზე დიდხანს. ეცადე, კიდევ უფრო უკეთესი რამ შექმნა;
- გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე;
- მჯერა, რომ იმის ნახევარი, რაც წარმატებულ და წარუმატებელ მეწარმეებს განასხვავებს, სიჯიუტეა;
- ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გირტყამს. არ დაკარგო რწმენა;
- „ეფლიდან“ გამოშვება ჩემთვის საუკეთესო რამ იყო. წარმატებულად ყოფნის სიმძიმე, უეცრად, დამწყების სიმსუბუქემ ჩაანაცვლა. ამან მომცა საშუალება ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი დამეწყო;
- როცა რაღაცას ქმნი, ზოგჯერ შეცდომებს უშვებ. კარგი იქნება, თუ მათ დროულად აღიარებ და გამოასწორებ;
- როდესაც იზრდები, გასწავლიან, რომ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და მას უნდა დაემორჩილო. ეცადე, კედლებს ძალიან ძლიერად არ შეასკდე. ეცადე, გყავდეს კარგი ოჯახი, იხალისე და დაზოგე ფული. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. გაიაზრე, რომ სამყარო შენ გარშემო, შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ შენზე ჭკვიანები. როცა ამას გაიაზრებ, მნიშვნელოვნად შეიცვლები;
- არ მისცე სხვათა მოსაზრებების ხმაურს შენი შინაგანი ხმის ჩახშობის საშუალება;
- ჩვენ ვიგონებთ მომავალს. ვფიქრობთ, როგორ მოვექცეთ ტალღის ქიმზე. ეს ძალიან ამაღელვებელია;
- ძალიან რთულია პროდუქტის შექმნა ფოკუს ჯგუფების მიხედვით. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უნდათ, სანამ არ აჩვენებ;
- ყველაფერს ვერ მოვკიდებთ ხელს და მით უფრო, ყველა მათგანს საუკეთესოდ ვერ განვავითარებთ. ჩვენ ეს ავირჩიეთ და თუ რამე აირჩიე, კეთილი ინებე და იყავი საუკეთესო. ეს ამად ღირს;
- ჩემი მანტრაა – ფოკუსირება და სიმარტივე. სიმარტივე სირთულეზე რთულია და გიწევს სერიოზული შრომა, რომ ფიქრი გაამარტივო;
- თუ გინდა შემოქმედებითად იცხოვრო, როგორც არტისტმა, უკან არ მიიხედო. აიღე, რაც გაგიკეთებია, ვინც ყოფილხარ და მოისროლე შორს;
- კრეატივი აკავშირებს რაღაცებს. შემოქმედებით ადამიანებს რომ ჰკითხო, რაღაც როგორ გააკეთეს, დანაშაულის გრძნობა გაუჩნდებათ, რადგან კი არ გაუკეთებიათ, არამედ, დაინახეს რაღაც;
- დიზაინი არაა მხოლოდ ვიზუალი და შეგრძნებები. დიზაინია ის, თუ როგორ მუშაობს;
- არიან გიჟები, მეამბოხეები, რომლებიც ყველაფერს სხვანაირად ხედავენ, წესებს მიღმა. შეგიძლიათ მათი ფრაზებით ისაუბროთ, არ დაეთანხმოთ, ეკამათოთ, მაგრამ შეუძლებელია დააიგნოროთ ისინი. მათ მიჰყავთ კაცობრიობა წინ და სანამ ვიღაცები გიჟებს ეძახიან, ჩვენ ვხედავთ გენიოსებს. ისინი, ვისაც ჰყოფნით სიგიჟე, იფიქრონ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, არიან კიდეც ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ;
- ფლოტში შესვლას უმჯობესია იყო მეკობრე;
- ჩემი საყვარელი რაღაცები შეუფასებელია. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, არის დრო;
- სულ მიზიდავდა რევოლუციური ცვლილებები. არ ვიცი, რატომ. იმიტომ, რომ ეს რთულია. უფრო სტრესულიცაა და გადიხარ იმ პერიოდს, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ დამარცხდი;
- ძალიან ვამაყობ იმითაც, რაც გავაკეთე და იმითაც, რაც არ გავაკეთე. ინოვაციაა, თქვა უარი უამრავ რამეზე;
- არ მაინტერესებს, ვიყო უმდიდრესი კაცი სასაფლაოზე. ძილის წინ, ვგრძნობდე კმაყოფილებას, რომ რაღაც მშვენიერი შევქმენი – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის;
- გასული 33 წლის მანძილზე, ყოველ დილას ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, ვისურვებდი იმის გაკეთებას, რასაც დღეს ვგეგმავ? როდესაც პასუხი უარყოფითი იყო, ვხვდებოდი, რომ ცვლილებები იყო საჭირო;
- არაა აუცილებელი რაიმემ მსოფლიო შეცვალოს, რომ მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ;
- ტექნოლოგია არაფერია. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანების გჯერა, რომ ისინი არიან კარგები და ჭკვიანები და თუკი საჭირო ინსტრუმენტებს მისცემ, არაჩვეულებრივ რაღაცებს შექმნიან;
- „მაკინტოში“ იმითაცაა განსაკუთრებული, რომ მას ქმნიდნენ მუსიკოსები, პოეტები, არტისტები, ზოოლოგები და ისტორიკოსები, რომლებიც ასევე, საუკეთესოები აღმოჩნდნენ კომპიუტერულ მეცნიერებებშიც;
- დარჩი მშიერი. დარჩი სულელი.
რა არის და რა ხდება გარდატეხის ასაკში?
სტატიის ავტორი: სალომე პაპუკაშვილი

გარდატეხის ასაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ფსიქოლოგიაში და ის ნამდვილად არის განვითარების კრიზისული პერიოდი, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება. ეს პერიოდი გარდატეხაა ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულიც სწორედ იმიტომაა, რომ ბავშვი უკვე აღარაა ბავშვი, მაგრამ არც მოზრდილი არაა. როგორ გაივლის ამ პერიოდს ბავშვი, როგორ დაუჭერენ მას მხარს მშობლები გარდატეხის ასაკის კრიზისის დასაძლევად და როგორი გამოცდილებით გამოვა ის ამ პერიოდიდან, ამაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების ჩამოყალიბება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მომავალი ცხოვრება.
და მაინც, რა ცვლილებები ხდება მოზარდის სხეულსა თუ ფსიქიკაში ამ დროს?
გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელია შემდეგი ფიზიოლოგიური და ფიზიკური ნიშნები:
- ფიზიკური ზრდა სიმაღლეში;
- კუნთების მასის მატება;
- მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება;
- სქესობრივი ჰორმონების გააქტიურება;
- ჰორმონალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის გაძლიერება;
- თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების მომწიფება;
- შემეცნებითი უნარების განვითარება.
გარდატეხის ასაკის შემეცნებითი უნარების დამახასიათებელი ნიშნებია:
- ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
- ალტერნატივების დანახვისა და გაგების უნარი;
- კამათის და დისკუსიის მოთხოვნილება;
- ძლიერი წარმოსახვა;
- ცნობისმოყვარეობა, უცნობის და ახლის გამოცდის და შემეცნების სურვილი;
- საკუთარი თავის შემეცნების სურვილი და ცხოვრების საზრისის ძიება: „ვინ ვარ, რატომ ვარ?”
გარდატეხის ასაკის ფსიქო-ემოციური განვითარების დამახასიათებელი ნიშნებია:
- უხერხულობის განცდა და სიმორცხვე;
- საკუთარი თავით და გარშემომყოფებით უკმაყოფილება;
- გრძნობებისა და აზრების ამბივალენტობა;
- იმპულსურობა;
- უხალისობა და უგუნებობა;
- სწრაფი აგზნება და ემოციური აფეთქებები;
- სტრესის მართვის დაბალი ხარისხი;
გარდატეხის ასაკის სოციალური განვითარების დამახასიათებელი ნიშნებია:
- დამოუკიდებლობის სურვილი;
- თანატოლების მხრიდან აღიარების სურვილი;
- ჯგუფთან მიკუთვნების და აღიარების მოთხოვნილება;
- მშობლების ავტორიტეტის უგულებელყოფა;
- „მე”-ს იდენტობის ძიება: თვით – შეფასებისა და საკუთარი თავის მიმართ წარმოდგენისა და რწმენის ჩამოყალიბება;
- ადამიანებთან ურთიერთობით ექსპერიმენტირება;
- ალტერნატიული როლების, იდენტობების მორგება, მათ შორის ნეგატიური და სარისკო როლების;
- მნიშვნელოვანი ჯგუფის გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის ტენდენცია.
გარდატეხის ასაკის მორალური განვითარების დამახასიათებელი ნიშნებია:
- გულწრფელობა და ორმაგი სტანდარტის მიუღებლობა;
- საკუთარი და სხვისი ქცევის მოტივების ძიების მოთხოვნილება;
- ეთიკური დილემების მიმართ ინტერესი და მსჯელობა;
- მოხალისეობის და ლიდერობის მოთხოვნილება.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მოზარდმა აღნიშნული პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანოს?
სტატიის ავტორი: კატო ჭიაბრიშვილი
როგორც ვხედავთ, მოზარდის განვითარებაში ნამდვილად ხდება არსებითი ცვლილებები, რომლებიც ბუნებრივია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოზარდის ქცევაზე, არამედ მის ღირებულებათა სისტემაზე და ზოგადად, სამყაროს აღქმის მოდელზე.
და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მოზარდმა აღნიშნული პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანოს?
- მშობელს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ის არის ბავშვის მშობელი და არა მეგობარი. მოზარდთან უკონფლიქტო, გულღია და ახლო ურთიერთობა არ გულისხმობს მასთან მეგობრობას. მშობელს არასრულწლოვან შვილზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რაც მოზარდმაც კარგად უნდა გააცნობიეროს.
- მოზარდზე ზეწოლა, ჩხუბი და მუქარა ყველაზე გამოუსადეგარი სტრატეგიაა, რადგან სრულიად საპირისპირო შედეგი მოაქვს. ამ დროს ბავშვი კიდევ უფრო იკეტება და შორდება მშობელს, ხდება უფრო დაუმორჩილებელი და ჯიუტი;
- მშობელმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს საკუთარ შვილს. არ მოიმიზეზოს საქმეები და მხოლოდ ჭკუის დარიგებით არ შემოიფარგლოს. მოზარდი ვერ იტანს ჭკუის სწავლებას, მორალის კითხვას. ამის ნაცვლად, მშობელმა რამდენიმე ალტერნატივა უნდა განიხილოს და წაახალისოს შვილის არჩევანი. ამ დროს მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს, თუმცა მშობლის არგუმენტებით და მასთან დისკუსიის გავლენით;
- ამ ასაკში მშობელი ბავშვისთვის აღარ არის უპირობო ავტორიტეტი, ამიტომ მოუწევს მასთან დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე. მშობლის მსჯელობა არგუმენტირებული უნდა იყოს და სიტუაციას ვერ გამოასწორებს მისი განცხადება: „მე ასე მინდა და იმიტომ”. მშობელმა აუცილებლად უნდა მისცეს შვილს აზრის გამოხატვის საშუალება და მოითხოვოს არგუმენტები. ეს ამცირებს წინააღმდეგობას და აადვილებს კეთილგონიერი არჩევანის გაკეთებას;
- ღია კონტროლი ძალიან გამაღიზიანებელია დამოუკიდებლობის სურვილის მქონე მოზარდისთვის. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა მას ასწავლოს თავისი პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მასთან შეთანხმებით მან უნდა დამოუკიდებლად გააკეთოს ბევრი რამ – მოემსახუროს საკუთარ თავს, დაეხმაროს მშობლებს საოჯახო საქმეებში, მოამზადოს საშინაო დავალებები. ეს უნდა წახალისებული და დაჯილდოებული იქნას მშობლების მიერ. თავისი მოვალეობების შესრულებისას არ დაიშუროს შექება და მისი ქცევის დადებითი შეფასება;
- ოჯახში უნდა დააწესდეს გარკვეული შეზღუდვები და ქცევის წესები. მშობელი შვილს ყველაფერზე შენიშვნას ვერ მისცემს და ვერც მუდმივად აკონტროლებს. აუცილებელია მოზარდმა იცოდეს, რა ქცევას მოელიან მისგან ოჯახში ყველაზე პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით: კომპიუტერზე თამაშის დრო, სახლში მისვლის დრო, გასართობ დაწესებულებებში წასვლა. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ასეთი შეზღუდვების დაწესება მოზარდისათვის სრულიად მისაღებია, რადგან იმის მიმანიშნებელია, რომ მშობელი მასზე ზრუნავს და გულგრილი არ არის მის მიმართ;
- მშობელმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო, როდესაც, მაკონტროლებელი ფრაზების ნაცვლად, უბრალოდ დაელაპარაკება საკუთარ შვილს ცხოვრებაზე, პირად გამოცდილებასა და შეცდომებზე, მის ემოციებზე – რას გრძნობს და რას განიცდის. ეს შეიძლება იყოს სულ 20-30 წუთი დღეში;
- აუცილებლად უნდა აღნიშნოს მშობელმა შვილის კარგი ქცევა, კონკრეტული მიღწევა. მოზარდებს თვითდაჯერება აკლიათ, დაბალი თვითშეფასების ტენდენცია აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლის მიერ მისი ქცევისა და ღირებულებების დადებითი შეფასება;
- მიუხედავად მოზარდის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და მშობლებისგან გაუცხოებისა, მისთვის მაინც მნიშვნელოვანია ოჯახური ერთობა, ერთობლივი, ხალისიანი და თბილი საღამოები, ოჯახური სადილი ან გასეირნება, მეგობარ ოჯახებთან ერთობლივი ღონისძიებები. ეს თავდაჯერებას და უსაფრთხოების განცდას უძლიერებს მას, ხელს უწყობს უფროსებთან კომუნიკაციას, ამცირებს წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას;
“აიბი მთიების” ფსიქოლოგის რჩევები მოზარდებს – რა უნდა იცოდეს ყველა მოზარდმა
სტატიის ავტორი: ნანა გოგიჩაშვილი
- თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მოზარდობის ასაკში არსებითი ცვლილებები ხდება ფსიქიკის ყველა სფეროში, როგორც ფსიქო–ემოციური, ისე სოციალური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, ნორმაა. ანა ფროიდი ამბობს: თუ მოზარდობის ასაკში არ არის პრობლემები, ეს უკვე პრობლემაა. შესაბამისად, გარდატეხის ასაკში არსებული პრობლემები ხდება პიროვნული ზრდისა და ღირებულებების გადაფასების წინაპირობა;
- ყოველთვის, ყველა სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით, დახმარებისათვის მიმართეთ მშობლებს, რადგან დედა და მამა არიან ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მოგისმენენ, გაგიგებენ და დაგეხმარებიან;
- ეცადეთ, რამესთან ან ვისმესთან მიმართებაში, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი პოზიცია, თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველგან და ყველა მოვლენასთან მიმართებაში ხმამაღლა დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან შეეწინააღმდეგოთ ვინმეს გამოთქმულ შეხედულებას. ეს უნდა იყოს საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია და არა ვინმეს მიერ თავს მოხვეული ნაკარნახევი მოსაზრება;
- არ შეგრცხვეთ საკუთარი ემოციების გამოვლინება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი მოუყვეთ ან უთხრათ. არა! ეს ნიშნავს იმას, რომ, სიტუაციისამებრ, ღიად გამოხატოთ თქვენი ემოცია, რადგან დათრგუნული და ჩახშობილი განცდა ჱუ შეგრძნება აუცილებლად გამოვლინდება არასწორ დროს არამიზნობრივ ადრესატთან, რაც შესაძლებელია გახდეს ახალი კონფლიქტისა თუ უსიამოვნო ურთიერთობების დასაწყისი;
- სექსი და სიყვარული, ერთიდაიგივე არ არის. სექსი არა მხოლოდ გამრავლების ფუნქციის მატარებელია, არამედ ეს არის ორი ადამიანის ფსიქიკური კონტაქტი, რომელიც მათ ემოციურ კავშირს ხდის უფრო სასიამოვნოს და სანდოს. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მარტივი გახდა ყველა ტიპის ინფორმაციის მოპოვება და თუ გარკვეული დეფიციტი ინფორმაციასთან მიმართებაში მაინც გიჩნდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს(ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და სხვ) ან თქვენსთვის სანდო სხვა პირს;
- თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, რომ სტრესული და პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ცხოვრება მაინც გთავაზობთ განსხვავებულ არჩევანს, რაც უდაოდ გაზრდის თქვენს პიროვნულ განვითარებას და მოახდენს ეფექტური თვითრეალიზაციის ხარისხის ზრდას;
- ნუ შეინახავთ წყენას დიდი ხნით. გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილობაში უბრალოდ აღარ გაქვთ ამის დრო და წყენის შენახვით, არა მხოლოდ საკუთარ თავს ვნებთ, არამედ ფუჭად კარგავთ დროს არასაჭირო ემოციებზე;
- გამოიმუშავეთ მოსმენის უნარი, რაც უმნიშვნელოვანესია ეფექტური კომუნიკაციის დამყარების თვალსაზრისით;
- არ ისაუბროთ სხვა ადამიანებზე ნეგატიურ კონტექსტში, ეცადეთ განსაზღვროთ მათი ქცევის რეალური მიზეზები და აუცილებლად მოექეცით სხვა ადამიანებს პატივისცემით. დაიცავით ეთიკური ნორმებისა და ქცევის ეტიკეტი სხვადასხვა სიტუაციებში, რაც, თავის მხრივ, ინტელექტუალური, გონიერი და ზრდასრული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა;
- ყოველდღიურობაში გაითვალისწინეთ და დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იქნება ეს სპორტი, პირადი ჰიგიენა თუ კვების კულტურა;
თავდაჯერებისა და წარმატებისკენ მიმავალი საფეხურები
სტატიის ავტორი: ნია ჩიქოვანი

კანადელი ორატორი, პიროვნული განვითარებისა და მენეჯმენტის სპეციალისტი, უამრავი პოპულარული წიგნისა და აუდიოლექციის ავტორი ბრაიან ტრეისი თავის ერთ-ერთ გამოკვლევაში მიუთითებს ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომლებსაც ის „თავდაჯერებისა და წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებს“ უწოდებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ აიმაღლო თავდაჯერება, მოახერხო სოციუმთან ადაპტირება, იოლად გაართვა თავი სოციალურ ამოცანებს და მიაღწიო დასახულ მიზნებს, საჭიროა:
ემოციური ინტელექტი (EQ)

ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ-ს მქონდე ადამიანები უფრო ნიჭიერნი არიან და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის მეტი შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად, მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ადამიანები სჯობიან საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებს მხოლოდ დროის 20%-ის განმავლობაში, მაშინ როდესაც საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები სჯობიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს დროის 70%-ის განმავლობაში. აღნიშნულ ანომალიას ყურადღება პირველად 1995 წელს მიექცა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ). EQ-ს მეშვეობით აიხსენება ის, თუ რატომ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომელთაც არც დიდი გამოცდილება აქვთ და არც განათლების მაღალი საფეხურებისთვის მიუღწევიათ. და მაინც რა არის EQ?
დენიელ გოლმანი და მისი თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ
სტატიის ავტორი: თათა ჭიჭინაძე

ამერიკელი ფსიქოლოგი დენიელ გოლმანი (Goleman, 1946) აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს. ეს არის: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები.
- თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში.
- თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას.
- მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს.
- ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის“ უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას.
- სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს:
- ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს;
- ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას;
- სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს;
- ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს.
- მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ცვლილებების შიში არ აქვთ. ეს მათთვის ბუნებრივია და სიახლეებს ადვილად ეგუებიან.
- აქვთ უნარი, ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები. სისუსტე მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ისინი მუდმივად განვითარებას ცდილობენ.
- განსაკუთრებულად კომუნიკაბელურები არიან და სამუშაო გარემოს ადვილად ერგებიან. კარგად ესმით თანამშრომლებისა და კლიენტების.
- არ არიან პერფექციონისტები, სამაგიეროდ არიან საოცრად მოტივირებულები. მათ იციან, რომ სრულყოფილება შეუძლებელია. ისინი შეცდომებით სწავლობენ.
- გათვითცნობიერებული აქვთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი. იკვებებიან ჯანსაღად, სძინავთ საკმარისად და სამსახურისგან დამოუკიდებელი ინტერესებიც გააჩნიათ.
- მათი თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა შესაძლოა უპირატესობადაც მივიჩნიოთ. ეს მათ საოცრად მიმზიდველს ხდის. არ განიკითხავენ; შესაძლებლობების აღმოჩენას ცდილობენ. სვამენ ბევრ შეკითხვას და ახალი გადაწყვეტილებისთვის მუდამ მზად არიან.
- მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა შესანიშნავად იციან, რომ ყოველ დღეს რაღაც კარგი მოაქვს. კმაყოფილი არიან თავიანთი ცხოვრებით და კრიტიკის, „შხამიან“ ადამიანებს უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის საშუალებას არ აძლევენ.
ნარცისიზმი, როგორც დაავადება
სტატიის ავტორი: დანიელა დალალიშვილი

ტერმინი „ნარცისიზმი“ მოდის ძველბერძნული მითიდან, რომლის მიხედვითაც ნარცისი, ნარკისე (ლათ. Narcissus, ბერძ. Νάρκισσος) იყო მშვენიერი ჭაბუკი, მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული კი ყვავილად იქცა.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნარცისიზმი არის სუბიექტის მიერ გაზვიადებული სიყვარული და აღტაცება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ, ეს არის ეგოიზმის, მედიდურობისა და გადაჭარბებული აღიარების მოთხოვნილება, რაც, თავის მხრივ, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის სფეროში კლინიკურ პათოლოგიად ითვლება. შესაბამისად, ნარცისიზმი არის პიროვნების განვითარებაში სერიოზული დისფუნქცია და იგი არსებითად დესტრუქციულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და მის თვითრეალიზაციაზე.
ამ დაავადებას მკვლევრებმა პირველად ყურადღება მიაქციეს 1968 წელს და თავდაპირველად იგი აღინიშნებოდა, როგორც საკუთარ თავზე გადამეტებული ყურადღების მიქცევა ანუ ეგოცენტრიზმი. თავად ტერმინი “ნარცისიზმი“ შემოიტანა ფროიდმა, რომელსაც სჯეროდა რომ ნარცისიზმი დაბადებიდან ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო ფსიქოლოგი ენდრიუ მისონი ამბობდა, რომ ჯანმრთელი ნარცისიზმის ზომიერი რაოდენობა საჭიროა, რადგან ინდივიდის მოთხოვნებს საშუალებას აძლევს დაბალანსდეს სხვებთან ურთიერთობაში და ამ დროს, ადამიანები ნარცისიზმის საშუალებით ახერხებენ საკუთარი აქტუალური საჭიროებების გაგებასა და აღქმას, უკიდურესი ფსიქოლოგიური დისფუქნციების გარეშე. ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანები, გაუცნობიერებელი სათნოებით ათვალიერებენ საკუთარ თავს სარკეში და მათ ახასიათებთ “საკუთარი თავის ავადმყოფური შეყვარება”. ისინი მიიჩნევენ რომ სრულყოფილები არიან და საკუთარი თავის მიხედვით ადგენენ სილამაზის კრიტერიუმებს. მათი აზრით, ყველას უნდა მოსწონდეთ ისინი და კრიტიკაზე უარყოფითად, სიბრაზით, პასუხობენ. აზვიადებენ საკუთარ მნიშვნელობას, მიღწევებსა და ტალანტს.
ნარცისული პიროვნული აშლილობის ცხრა მთავარი მახასიათებელი გამოიყოფა, ესენია:

- გადაჭარბებული თვითშეფასება;
- თაყვანისცემის მუდმივი სურვილი;
- განსაკუთრებული მოპყრობის სურვილი;
- მიღწევებისა და ნიჭის გადაჭარბებული შეფასება;
- კრიტიკაზე განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია;
- ძალაუფლების, წარმატების, სილამაზის შესახებ არსებული ფანტაზიები და ოცნებები;
- სხვების გამოყენება;
- სხვების საჭიროებებისა და გრძნობების ნაკლებად გათვალისწინება;
- აროგანტული და პრეტენზიული ქცევა.
ნარცისული პიროვნული აშლილობის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა:
- ადამიანს ჩვილობის პერიოდიდან მოჭარბებული ტემპერამენტი აქვს, მგრძნობიარეა;
- ბავშვი მშობლებისგან და თანატოლებისგან მანიპულაციის მაგალითებს აწყდება;
- მცირე ასაკში კარგი ქცევისთვის განსაკუთრებით აქებენ, ცუდისთვის კი — სჯიან;
- ადამიანს ბავშვობაში ძალადობრივი ან მუდმივი უარყოფის გამოცდილებები აქვს;
- მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობის ან მისი აბსოლუტური ნაკლებობის ობიექტია;
- გარშემომყოფები მცირე ასაკიდან განსაკუთრებულად ეპყრობიან;
- ბავშვობაში უსაფუძვლოდ აქებენ.
