ფშავ-ხევსურეთში ძველად გავრცელებული სისხლისსამართლებრივი ურთიერთობები
სტატიის ავტორი: კატო ჭიაბრიშვილი
ანტიკური სამართალი საქართველოში
საქართველო განეკუთვნება იმ უძველეს ქვეყანათა რიცხვს, რომელშიც სახელმწიფო და სამართალი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა. ვიდრე საზოგადოებრივი ურთიერთობები სამართლებრივი ნორმებით დარეგულირდებოდა, ქვეყანა ადათ-წესებით იმართებოდა. დროთა განმავლობაში სახელმწიფომ ღვთისგან ბოძებული, წინაპართა მიერ შემუშავებული წეს-ჩვეულებანი შეინარჩუნა ან მათ სანქციები დაუწესა. ყურადღება მიექცა ქვეყნის მრავალ კუთხეს, მით უფრო, რომ საქართველოს ყველა ნაწილის მაცხოვრებელთა ისტორიული განვითარება სპეციფიკურია და იქ დამკვიდრებული ტრადიციები, წესები ქვეყნის შიგნით არსებულ ცალკეულ სოციალურ ფენათა ყოფა-ცხოვრებაზე მეტყველებს. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ფშავ- ხევსურეთის სამართალი, რომელზე სამსჯელოდაც წინამდებარ წერილში ვაჟა-ფშაველას ნააზრევსაც განვიხილავთ.
სისხლის აღების ტრადიცია
ფშავ-ხევსურეთში გავრცელებული იყო ,,სისხლის აღება“, რომელიც ღვთის მიერ დადგენილ კანონად მიიჩნეოდა და მოკლულის ნათესავებს პასუხისმგებლობას აკისრებდა, აეღოთ დაკარგული ახლობლის სისხლი, რათა მკვლელი იმ ქვეყნად მათი ახლობლის მონა-მორჩილი ყოფილიყო. ასეთი წესი საგვარეულო წრეზე არ ვრცელდებოდა, ე. ი. ნათესავის მკვლელი კაცი პასუხს არ აგებდა სისხლისსამართლებრივი ნორმით; მას სიცოცხლეს არავინ გამოასალმებდა. ეს, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ საგვარეულო წრე მოკლულის სახით კარგავდა თავისი „ოჯახის წევრს“ და მცირდებოდა მისი რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ნათესავის მკვლელი ხალხის თვალში ღირსებასა და პატივისცემას კარგავდა.
თავსისხლის ტრადიცია
ასევე გავრცელებული იყო თავსისხლის ტრადიცია. ზღვევას მთაში, ვაჟა-ფშაველას გადმოცემით, ეწოდებოდა „თავსისხლი“. სავარაუდოა, რომ „თავსისხლი“ იყოფა ორ სიტყვად: „თავისი“ და „სისხლი“, ანუ ერთი კაცის სისხლი. „თავსისხლი“ მიუთითებს, რომ პირმა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლით უნდა გამოისყიდოს დანაშაული. სხვანაირად რომ ვთქვათ, დაზარალებულის ოჯახი მხოლოდ იმ პირს მოსთხოვდა პასუხს, რომელიც ბრალეული იყო. თუმცა ნაცვალგების არიდებაც შესაძლებელი ყოფილა. ეს ხდებოდა შერიგების გზით, რაც უთუოდ პროგრესულ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.
სისხლის ფასი
ვაჟა-ფშაველას გადმოცემით, არსებობდა ე.წ. „თავსისხლის საფასური“. გამოთქმა მიგვითითებს, რომ ყოველი დანაშაულისათვის წინასწარ წესდებოდა გარკვეული სასყიდელი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი უნდა მისულიყო დაზარალებულის ნათესავთან და ჩადენილისთვის სისხლი ეზღო. ქართველი მწერლის მიერ გადმოცემული მასალიდან ნათელია, რომ ფშავ-ხევსურეთში ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის საზღაურად დაწესებული ყოფილა არა ფულადი, არამედ ნატურალური საფასე. საცვლელ ღირებულებად იშვიათ შემთხვევაში თუ გამოიყენებოდა ფული. ძირითად საგადასახადო ერთეულს პირუტყვი (ძროხა, ცხვარი) წარმოადგენდა.