სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი
სტატიის ავტორი: მარიამ ალიმბარაშვილი
სტატიის ავტორი: მარიამ ალიმბარაშვილი
ავტორი: პოლ ვალერი
ავტორი: გია მურღულია
ელენე დარიანის ლიტერატურული მისტიფიკაცია
სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი
ქართულ ლიტერატურას ას წელზე მეტია ახსოვს ელენე ბაქრაძისა და პაოლო იაშვილის ისტორია, თუმცა კვლავ ამოუცნობი რჩება დარიანული ციკლის ლექსების ავტორის ვინაობა. 1915 წლის 20 სექტემბრიდან ქუთაისი იცნობს ეროტიკული შინაარსის მქონე ლექსებს, რომლებიც ვინმე ელენე დარიანის სახელით არის შექმნილი. მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე (სანამ გიორგი ჯავახიშვილი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ელენე ბაქრაძე არის სავარაუდო ავტორი დარიანული ციკლისა), საზოგადოება მყარ აზრზე იდგა, რომ ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმი და ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო, რაც პაოლოს სხვა ნაწარმოებებთან ერთად, ციკლის თექვსმეტივე ლექსის დაბეჭდვით გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ პაოლო იაშვილის მოღვაწეობამდე ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ლიტერატურული მისტიფიკაციის შემთხვევა, რაც უფრო მეტ მნიშვნელობასა და აქტუალობას ჰმატებს მოცემულ საკითხს.
საზოგადოების ორი მხარე
დარიანის ავტორობასთან დაკავშირებით საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი:

პაოლო იაშვილი
ერთი მხარე ფიქრობს, რომ პაოლო იაშვილი არის დარიანული ლექსების ერთადერთი ავტორი და მისთვის შეურაცხმყოფელია ამ ფაქტისა და მისი
დამსახურების უგულებელყოფა;

ელენე ბაქრაძე
მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ლექსები ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის და მან სააშკაროზე გამოიტანა მრავალი ქალის შინაგანი ხმა და ემოციები, ამიტომაც გვმართებს მისი წვლილის დაფასება, როგორც ერთ-ერთი პირველი გაბედული ქალი პოეტისა.

დღეს გვიჭირს, ზემოხსენებულ რომელიმე პოზიციას ერთმნიშვნელოვნად დავუჭიროთ მხარი,
რადგან არგუმენტები ორივე მოსაზრებას საკმაოდ ბევრი აქვს. ამიტომ დავეთანხმებით
ლევან ბერძენიშვილს, რომ რთულია, გაიგო, სად იწყება ელენე დარიანში პაოლო
იაშვილი და სად მთავრდება ელენე ბაქრაძე.
ქალი პაოლოს უკან . . .
ჩემი ღრმა რწმენით, ავტორის ვინაობაზე მეტად თავად ლექსების შექმნის ისტორიაა საინტერესო, რომელსაც, საბედნიეროდ, გიორგი ჯავახიშვილის მიერ აღმოჩენილი ელენე ბაქრაძის მემუარები ინახავს. 2013 წელს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა კატალოგი „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“, რომელშიც ფოტოილუსტრაციებს ერთვის წერილები და დღიურები. ისინი ბაქრაძისა და ცისფერყანწელების (არამარტო) ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობენ. ახლა კი შემოგთავაზებთ ელენე ბაქრაძის ჩანაწერებიდან ნაწყვეტს:
„– პაოლო, შეხედე, რა ცისფერი ღვინოა, – წამოვიძახე მე,
– ცისფერი ყანწი, დავლიოთ, ასწით, – წამოიძახა ვიღაცამ.
პაოლო გაჩუმებული უყურებდა ყანწს, და უეცრად წამოიძახა:
– ევრიკა, ელი! ჩვენ ჟურნალს დავარქმევთ „ცისფერ ყანწს“!

ცისფერყანწელები

“ერთ წუთს არა მქონია მაშინ შეგრძნება, რომ ის, რასაც პაოლო იწყებდა, არ იყო მოწინავე აზრის მატარებელი. პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გიგანტურ ნაბიჯის გადადგმას აპირებდა. „ცისფერი ყანწი“ მე წარმომედგინა, როგორც ახალი ლიტერატურა, როგორც ახალგაზრდული ცხოვრება, რომელსაც უნდა შეეცვალა ის უსაქმო, თათქარიძისეული, უშინაარსო ყოფნა, რომელსაც მე ვხედავდი ქართლის თავადურ გარემოცვაში. პაოლო იწვოდა ჩირაღდანივით ანთებული, ბორგავდა და ვეღარ ითმენდა მოუთმენლობით შეპყრობილი. და უკვე მაშინ ლაპარაკობდა თავის „პირველ თქმაზე“. მახსოვს, როგორ გამიკვირდა მე, როცა ჩემი მარჯანით ხელში იდგა ოთახში და უარს ამბობდა ლეონარდო დავინჩიზე, მიქელანჯელოზე, ვაგნერზე, ბეთჰოვენზე და გაიძახოდა, ახალი, სულ ახალი ხელოვნებაო.”
ელენე დარიანი ცისფერი ყანწების შექმნის ისტორიაზე:
“მახსოვს, როგორ წამოდგა ზეზე და მთვარის შუქს მიუშვირა ყანწი. წმინდა ცისფერი იყო შიგ ღვინო. მართლაც, მშვენიერი იყო ეს მიგნება. ქართული ყანწი, ღვინო, როგორც სიმბოლო თავდავიწყებული გატაცებისა და კადნიერებისა, რაც საჭირო იყო ახალი ჟურნალის იდეური მიმართულებისათვის და ცისფერი კი – როგორც სიმბოლო ბედნიერების, გამარჯვებისა. ასე გავშალეთ ჩვენ „ცისფერი ყანწის“ შინაარსი მეორე დღეს.”

ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის წერილის ამონარიდი:
– შენ ბაზაროვი, ქართველი ბაზაროვი ხარ – სიცილით ვუთხარი მე,- მთლიანად იმად არ იცოდა, რა უნდა გაკეთებულიყო.
– უარი შენს ბაზაროვსაც, – მითხრა იმანაც სიცილით, – ჩვენ ფუტურისტები ვართ, ქართველი ფუტურისტებიო.
-არა, – შევეკამათე მე მაშინ, – ფუტურისტები კი არა, სიმბოლისტები!“
საკმაოდ ემოციური მიმოწერაც ინახება ბაქრაძის არქივში, რომელშიც პაოლო მას არაერთი გამამხნევებელი და ალერსიანი სიტყვით მიმართავს. არსებობს ამ ორს შორის რომანტიკული ურთიერთობის სამხილებიც, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცალ-ცალკე შექმნეს ოჯახები.
,, ქუთაისი, აგვისტოს ღამის დამდეგი, გული! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ შენი ხატებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.“
იაშვილი ელენეს გულმხურვალედ ესალმება; მართალია, ეს, ერთი შეხედვით, რომანტიკული შინაარსის წერილი ჩანს, მაგრამ, ვერ გამოვრიცხავთ მათ სულიერ კავშირსა და ახლობლობას, რამაც, შესაძლოა, პლატონური ურთიერთობა არასწორი რაკურსით დაგვანახოს. რთულია, ამ ორ პიროვნებაზე მსჯელობა, მაგრამ დარიანის ხიბლიც სწორედ ამაშია – ამოუცნობის ძიებაში გართული ცხოვრება, რომელიც უფრო მეტ შეკითხვას გვიტოვებს, ვიდრე პასუხს.
თაობათა შორის დაპირისპირება
სტატიის ავტორი: მარიამ ალიმბარაშვილი

წერილი მამას
“წერილი მამას” ფრანც კაფკას შემოქმედებაში, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ბევრი მას კაფკას ნაწერთა გასაღებადაც კი მიიჩნევს. ამ ტექსტით ავტორი ოჯახურ ავტორიტარიზმს მკვეთრად უპირისპირდება. კაფკას მამა, ჰერმანი, ოჯახში მკაცრი, ძლიერი, ცივი და შეუბრალებელი ხასიათით გამოირჩეოდა. ეს წერილი კაფკამ 36 წლის ასაკში დაწერა. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს ორივეს ოდნავ მაინც დაამშვიდებდა და სიცოცხლესა და სიკვდილს შეუმსუბუქებდა. საკმაო ამბიცია და გამბედაობაა საჭირო მსგავსი შინაარსის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებების შესაქმნელად. ზოგადად, კაფკას ნაწარმოებთა უმეტესობა ეხება ვაჟებს, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, არიან მამებთან კონფლიქტურ სიტუაციაში, რასაც, საბოლოო ჯამში, დამანგრეველი შედეგები მოაქვს მათთვის. “წერილი მამას” ასახავს ოჯახურ ტრაგედიას, რომელშიც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრები, მამა და შვილი, ხშირად სრულიად უცხოები არიან ერთმანეთისთვის და მათ შორის მხოლოდ ფაქტობრივი მამაშვილური კავშირია. ავტორს მეტად რთული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მამასთან, ეს ნაწარმოები კი მისი აღსარებაა. ავტორის შეგრძნებებს შორის თვალშისაცემია შიში, იმედგაცრუება და წყენა, რაც, დიდი ალბათობით, ბიძგი იყო მისთვის ამ ნაწარმოების შესაქმნელად.
ტექსტი გამსჭვალულია ადრესანტი შვილის არასრულფასოვნების განცდით, ვლინდება ორივე გმირის ფსიქოტიპი და თვისებები, განხილულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. წერილის ავტორი საყვედურობს მამას არაერთი შეურაცხყოფის გამო (მამა შვილს ისეთი პრინციპებით ცხოვრებას უწესებდა, რომლებსაც თავად არ იცავდა). “წლების შემდეგაც კი ვიტანჯებოდი მოგონებებით, რომ ეს ბუმბერაზი კაცი, მამაჩემი, ღამით, თითქმის უმიზეზოდ მოვიდოდა, საწოლიდან ამაყენებდა და დერეფანში მარტო დამტოვებდა. აი, თურმე როგორი არარაობა ვყოფილვარ მისთვის”. საყვედურების მიუხედავად, ფრანც კაფკა ათავისუფლებს მამას ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ის ამბობს: “შენი გავლენა რომ არა, ადვილი შესაძლებელია, მაინც სუსტი, მშიშარა, მერყევი, აფორიაქებული ადამიანი ვყოფილიყავი”. ამ წერილიში დასმული საკითხი დღესაც აქტუალურია, რადგან არა მარტო კაფკას, არამედ დღევანდელი თაობის გარკვეულ ნაწილსაც მამებთან დისტანცირებული ურთიერთობა აქვს. თითქოს შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული დროთა განმავლობაში იფიტება და უფერულდება. “დამნაშავეა” არა მარტო მამა, არამედ – შვილიც.
