სტატიის ავტორი: ანი ნადირაშვილი
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი
სტატიის ავტორი: ელენე კობაჩიშვილი
ჩვენ გვახსოვს
სტატიის ავტორი: ანი ნადირაშვილი

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს მოვლენა ტრაგიკულობას არ კარგავს და ტკივილის განცდას დღესაც იწვევს. ამ ომმა უმძიმესი ზარალი და უდიდესი მსხვერპლი მოგვიტანა. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა აფხაზეთის ტერიტორია. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის რეგიონი საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, ის სრულიად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამას თვით აფხაზები უწოდებენ, რეგიონი რუსეთის დე ფაქტო პროტეჟეა.

ომის შედეგად დაშავდა ათი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა სამასი ათასზე მეტი ადამიანი.

აფხაზეთთან განშორება სწორედ ამ ადამიანებისთვის და მათი ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა უნდა იყოს იმაზე მტკივნეული, როცა იქიდან გაგდებენ, სადაც მთელი შენი წარსულია?! ეს ომი ყველას შეეხო, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ალბათ განსაკუთრებით ბავშვებს, მათ, რომელთაც არ უნდა განეცადათ ამხელა ტკივილი, ისინი ხომ ვერ ხვდებოდნენ, რატომ კარგავდნენ ოჯახის წევრებს, ბავშვობასა და მომავალს.
ამ სტატიაში გიზიარებთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ეს კონფლიქტი.
ინტერვიუ ავიღე ორი უსაყვარლესი ქალბატონისგან, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება მოუწიათ აფხაზეთის კონფლიქტის გამო. ია კვარაცხელია მუდამ ჩვენი სკოლის სისუფთავეზე ზრუნავს, ხოლო ირმა ჯგერენაია მე-11 ტექნიკური კლასის კოორდინატორია. მათთვის დაუვიწყარია ის ემოციები, რომლებიც ომმა მოიტანა.
– რა გახსენდებათ ყველაზე ტკბილად აფხაზეთიდან?
ია კვარაცხელია: – ჩემი სახლი, რომელიც ძალიან ლამაზად მაგონდება, თუმცა არაფერი დამრჩა აფხაზეთიდან, ფოტოებიც კი. ყველაფრის გარეშე წამოვედით იქიდან, არაფერი გვქონდა თან, გარდა მოგონებებისა.
ირმა ჯგერენაია: – მთელი ჩემი ბავშვობა აფხაზეთია. დღემდე მაქვს ნოსტალგია, აფხაზეთი მუდმივად ჩემთან არის, ჩემშია.
– რას გვეტყოდით იქაურ ხალხსა და გარემოზე?
ია კვარაცხელია: – გამორჩეული წესი და კულტურა გვქონდა. ყოველთვის იყო ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.
ირმა ჯგერენაია: – დღეს აფხაზების ერთი ნაწილი უფრო მეგობრულადაა განწყობილი ქართველების მიმართ, თუმცა აქვთ შიში, რომ თუ საქართველოში ჩამოვლენ და შემდეგ უკან დაბრუნდებიან, აფხაზი ხალხი მათ მოღალატეებად მიიჩნევს.
– რა არის თქვენთვის აფხაზეთი? რას უკავშირდება იგი?
ია კვარაცხელია: – სიყვარულს. იქ რომ დაიბადები, იქ რომ გაიზრდები, ფეხს რომ დაადგამ, ის სიყვარული ვერ მოგშორდება.
ირმა ჯგერენაია: – აფხაზეთი ჩემთვის ყველაფერია. იქაურობა მთელ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ფიქრებს უკავშირდება.
ია კვარაცხელია: – 30 წელია ვოცნებობ დაბრუნებაზე. რომ გამიშვან, დღესვე წავალ. დაბრუნების იმედი სულ მაქვს და ყოველთვის მექნება.
ირმა ჯგერენაია: – ყველაფრის მიუხედავად, ერთხელაც არ დამიკარგავს იმედი, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებით. დღემდე მაქვს იქიდან წამოღებული ნიჟარა, რომელიც ყველგან და ყოველთვის თან დამაქვს.
სოფელ აბგარხუკში მთვრალმა აფხაზმა “ბოევიკებმა” ყოველგვარი მიზეზის გარეშე ერთად დახვრიტეს ჯურხაძე იპოლიტე, ჯურხაძე ილიტო, ლომიძე ჯულიეტა და კუხალაშვილი ცუცა.
ანასტასიადი მერი – 50 წლის სოფელ ოდიშის მკვიდრი, პედაგოგი – დახვრიტეს და საკუთარ სახლში დაწვეს ოჯახთან და მასთან შეფარებულ თოთხმეტ მშვიდობიან ქართველთან ერთად.
სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში აფხაზების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში „ტუ 134“ (რეისი – N 65893 სოჭი-სოხუმი) – დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი და 20 მგზავრი, მათ შორის სამი წლის გუგუსიანი ედიკო .
მიმინოშვილი მზია – 23 წლის, სოხუმის მკვიდრი, ჯგუფურად გააუპატიურეს სომეხმა “ბოევიკებმა”, რის შემდეგაც დაიწყეს სმა-ჭამა, ღრეობა. გვიან გონს მოსულმა მზიამ შეძლო ავტომატით დაეხოცა ისინი. დიდხანს მალავდნენ მეზობლები მას, მაგრამ ერთ-ერთმა სომეხმა გასცა იგი. ბატალიონ „ბაგრამიანის“ მეომრებმა გამოათრიეს, გააუპატიურეს. მოაჭრეს ხელის თითები, ყურები და დახვრიტეს.
აბრამიშვილი გიორგი – 40 წლის, ინვალიდი. საშინლად აწამეს აფხაზმა „ბოევიკებმა“. ცოცხლად ააჭრეს სხეულზე ხორცი და ზედ მარილი დააყარეს. მის ახლობელს ცოცხლადვე დაამარხვინეს.

ავტორის ჩანახატი: მახსოვს, 4 წლის წინ, 2018 წლის ზაფხულში, ჩემი კლასის დამრიგებელმა, მარი სიმონიშვილმა, შემოგვთავაზა ექსკურსია სამეგრელოში, იქიდან კი ენგურის ხიდზე, აფხაზეთის საზღვართან მისვლა. მიჭირს გადმოვცე, თუ რა ვიგრძენი იმ მომენტში, როდესაც ხიდს მივუახლოვდით. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა არასდროს ვყოფილვართ აფხაზეთში, ამ მიწასთან სიახლოვე უხმოდ ვიგრძენით. ჩვენდაუნებურად ჩამოგვდიოდა ცრემლი სახეზე, თითქოს საზღვრის ნაცვლად სქელი ყინულის კედელი იყო აღმართული. ვიცი, არცერთ ჩვენგანს არასდროს დაავიწყდება ის შეგრძნებები და ემოციები. მას შემდეგ ღრმად გვწამს, რომ ერთ დღეს გადავალთ ამ საზღვარზე, გავალღობთ იმ დიდ ყინულის კედელს. ეს ომი და მისის შედეგები ერთნაირად მტკივნეულია როგორც უფროსი, ისე უმცროსი თაობის ადამიანებისათვის.
დღეს ყველა იმეორებს: “აფხაზეთი არ უნდა დაგვეკარგოს! აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ!”
ხალხს არასდროს დაავიწყდება ეს ისტორიები, ეს დღეები. შეუძლებელია, დაივიწყო, თუ როგორ გამოგაცალეს ცხოვრება ხელიდან და წაგართვეს ყველაფერი, რაც გქონდა! არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა იცი, რომ იქ, სადღაც შორს, თუმცა ამავდროულად ძალიან ახლოს, შენი ნაწილი, შენი წარსულია და ამ დროს არაფრის გაკეთება შეგიძლია მასთან დასაახლოვებლად. დრო გადის, კადრი კი უცვლელი რჩება. ისტორიას ადამიანები ვქმნით და ადამიანებივე ვშლით, ვანადგურებთ. საშინელებაა, როცა შენს კუთვნილს სხვა ისაკუთრებს, შენ კი უძლური ხარ და არ იცი, დაბრუნდები კი შენს მშობლიურ მხარეში?! გავიმეორებ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს ისტორია ყოველთვის ღრმად დარჩება თითოეული ქართველის მეხსიერებაში. ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და ყოველთვის გვემახსოვრება!…
გიზიარებთ კადრებს, რომლებმაც ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე და ვიცი, არც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს:
https://youtu.be/fqJZQxQYtTw – 29 წლის წინ გადაღებული კადრები.
https://youtu.be/fqJZQxQYtTw – აფხაზეთის ომში დაღუპული დუშეთის ბატალიონის ყველაზე პატარა მებრძოლი გიორგი ხუბაევი.
https://youtu.be/pfrLoFjU34U – ომის უცნობი კადრები.
მეოცე საუკუნის ოციანი წლები და ქართველი ქალები
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი

1918 წლის 26 მაისს, „გარუსებიდან“ 117 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ სამი წლით შეძლო, საქართველოსთვის ეს წლები ერთი დიდი ეპოქა აღმოჩნდა. დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა სახელმწიფოსთვის ყველა საჭირო ატრიბუტი: კონსტიტუცია, დროშა, გერბი, ჰიმნი. ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებით ვითარდებოდა, დაფუძნდა მთავრობა და მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, პარლამენტი – ეროვნული საბჭო.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, 1919 წლის 14-17 თებერვალს, ჩატარდა ახალი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები, რომელშიც მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ. მსგავსი რამ არ ხდებოდა ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა. უფრო მეტიც – ქალებს შეეძლოთ არა მარტო ხმის მიცემა, არამედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაც კი. 1921 წ-ის 21 თებერვლის კონსტიტუციაში ჩაიწერა: ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით (მუხლი 39). დემოკრატიული საქართველოს უზენაესი კანონით დადგენილი იქნა ქალთა შრომითი უფლებებიც, ასევე განათლების თავისუფლებაც. სკოლები გახდა საერო და უნივერსიტეტშიც, უმაღლესი განათლების მიღება შეეძლო ყველას, ვისაც ჰქონდა საშუალო განათლება, განურჩევლად სქესისა.

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარგესოვა-მახვილაძე, ანა სოლოღაშვილი, ქრისტინე შარაშიძე. თითოეული მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელ კრებას სულ 130 ადამიანი წარმოადგენდა. მარცხნიდან მარჯვნივ: ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
საკმაოდ დიდი იყო ამ ქალბატონების როლი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თითოეული მათგანის ხელმოწერა გვხვდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ანა სოლოღაშვილი, მეტსახელად ოლა, სარედაქციო, საპენსიო, ცენტრალური საარჩევნო და საბიბლიოთეკო კომისიების წევრი იყო. მისი ინიციატივით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მრავალი მნიშვნელოვანი დეკრეტი და კანონი მიიღო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში, ამასთანავე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტის წევრი. ელეონორა 1919 წლის მარტში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად და შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრად. ის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორიც იყო. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, როგორც სხვები, ისიც ჩაერთო ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. მინადორა ტოროშელიძე, შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამავე დროს არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის წევრად. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანსაც პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება წარმოადგენდა. ელისაბედ ნაკაშიძე ბოლქვაძე კრების მომარაგებისა და შრომის კომისიების წევრი იყო. სხვების მსგავსად, გასაბჭოების შემდეგ ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში.
ქრისტინე შარაშიძე, პარლამენტარ ქალებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი, 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ კი მუშაობდა კრების პრეზიდიუმის უმცროს მდივნად, პარალელურად იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი. საბჭოთა ოკუპაციას ისიც დაუპირისპირდა და სახალხო წინააღმდეგობას შეუერთდა. მოგვიანებით კი ცნობილი მეცნიერი გახდა. იყო ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი. ნაყოფიერად საქმიანობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში.

ბევრი საზოგადო მოღვაწე თითქოს გაქრა ქართველი ხალხის მეხსიერებიდან, წაიშალა მათი სახელები, საქმიანობა. საბედნიეროდ, დღეს მრავლად არიან მკვლევრები, რომლებიც მუდმივ ძიებაში არიან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენთვის ცნობილი ხდება ღვაწლი 1920-იანი წლების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული მრავალი ქალბატონისა, რომელთაგანაც ზოგი ქველმოქმედი იყო, ზოგიც ხელოვანი, ზოგი წერდა და თარგმნიდა, მათ შორის ფემინისტებიც მრავლად იყვნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ პროგრესულ იდეებზე, გენდერულ თანასწორობაზე, ქალების უფლებებსა და მოვალეობებზე.
ასეთი ქალების რიგებს მიეკუთვნებოდა კატო მიქელაძე. 1917 წლის 5 აპრილს მისი რედაქტორობით გამოიცა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელმაც 1918 წლის სექტემბრამდე იარსება. ჟურნალი პოლიტიკურ – ლიტერატურული იყო, რომელსაც ახალი ამბები ერთვოდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. გაზეთის რედაქციასთან თანამშრომლობდნენ: მარიამ გარიყული, დომენიკა ერისთავი, საფო მგელაძე და სხვები. 1918 წელს გაზეთში დაიბეჭდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის, წერილი „სალამი დამოუკიდებელ საქართველოს“.
იმდროინდელი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ცოლი ინა აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, ამასთანავე, ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან – მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან – ერთად აწყობდა კულტურულ საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას.
საქართველოს ხელოვანთა არენაზეც აქტიურად მოღვაწეობდნენ გამორჩეული ქალები. სწორედ ამ პერიოდში იწყებს მოღვაწეობას უდიდესი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი. 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მისი ჩანახატები გამოქვეყნდა. მალე კი ჟურნალის ერთ-ერთი ნომრის ყდის გაფორმებაც შესთავაზეს. სასცენო ასპარეზზეც ჩნდებიან ქალები, რომლებიც მსახიობობასთან ერთად სხვა პროფესიასაც ითავსებენ.
გამორჩეულია თამარ ვახვახიშვილი, პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ისტორიაში. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლები „ბახუსის დღესასწაული“ და „სიყვარულის ნექტარი“, რომლებიც თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მრავალჯერ დაიდგა.
ალბათ, ყველას გვახსენდება საქართველოს ეროვნული გმირი გოგონა, 19 წლის მარო მაყაშვილი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრისთანავე შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ იუნკერებს და სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირა. ისტორიას შემორჩა მისი დღიურები და წერილები. მაროს დღიურები კარგად გვიჩვენებს იმ დროში მცხოვრები მოქალაქის განცდებსა და დამოკიდებულებას ახლადმოპოვებული თავისუფლების მიმართ. „ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.“

ქალთა ისტორია აქ არ მთავრდება. მათი მოღვაწეობა ასწლეულების განმავლობაში კვლავაც გაგრძელდება. მოდის მებრძოლი ქალების ახალი თაობაც. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის როლი ყოველდღიურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრები ქალების საქმიანობისა და მოღვაწეობის ერთგვარი გაგრძელებაა. რომ არა მათი აქტიური, დაუღალავი შრომა, ბრძოლა თავისუფლებისათვის, ქართველი ქალი არ იქნებოდა ისეთი ძლიერი და მიზანდასახული, როგორიც დღეს არის! ქალთა ისტორია გრძელდება, ის იწერება ყოველ დღე, ყოველ წამს და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
თამარ მეფის საფლავი
სტატიის ავტორი: ელენე კობაჩიშვილი

თამარ მეფე
1206 წლის ზაფხულში მეფეთა მეფე თამარი ცუდად გახდა. ის სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს; ეგონათ, რომ თბილისის ჰაერი მოუხდებოდა, თუმცა – ამაოდ. თამარს უკვე მოძრაობა უჭირდა და იგი ტახტრევნით დაჰყავდათ. 1207 წლის 27 იანვარს მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, მეფე სრულიად აღმოსავლეთისა და დასავლეთისა გარდაიცვალა.

ლეგენდის თანახმად, სად დაასაფლავეს თამარ მეფე, უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისი თანამედროვე ისტორიკოსი ზუსტად უთითებს დაკრძალვის ადგილს. დღესდღეობით მეფის თანამედროვე 3 ისტორიული ცნობაა შემონახული. ესენია: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ და ,,ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“. ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ, რას
ვკითხულობთ თითოეულ მათგანში ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოგვითხრობს: „მიიცვალა მეფე თამარი ტაბახმელასა და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა“. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს: “და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა… და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა“. მესამე წყაროზე, ,,ლაშა გიორგის მემატიანეზე“, დაყრდნობით ვარკვევთ: „მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი
მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი და მეფენი…
“დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“. ამდენად, ყველა ისტორიული წყარო დიდი ქართველი ხელმწიფის უკანასკნელ განსასვენებლად გელათს ასახელებს, თუმცა 1920 წლის ივლისში ყველაფერი შეიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად, გელათში არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოებით დადგინდა, რომ მე-12 საუკუნის ძლევამოსილი ხელმწიფის საფლავად მიჩნეულ სამარხში მეფეთმეფე თამარის ნაცვლად ოთხი სხვა მიცვალებული დაუკრძალავთ. ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნა დავით აღმაშენებლის საფლავიც გელათის შესასვლელში (სადაც იგი ანდერძის გათვალისწინებით დაკრძალეს. ლეგენდის თანახმად, მეფემ დაიბარა, რომ გელათში ყველა შემსვლელს მისთვის გულზე ფეხი დაედგა) და ის ცარიელი აღმოჩნდა. საინტერესოა, სად არის საქართველოს ორი დიდებული მეფის საფლავები?